პულსური ველით აბლაცია (PFA)
- Giorgi Papiashvili

- 2 days ago
- 3 min read
კათეტერული აბლაცია უკვე დიდი ხანია სტანდარტულ, საყოველთაოდ მიღებულ მეთოდად ითვლება გულის არითმიების სამკურნალოდ. მისი ეფექტურობა, უსაფრთხოება და მოსალოდნელი შედეგები კარგად არის შესწავლილი.
კათეტერული აბლაცია გულისხმობს გულის კუნთის მცირე ნაწილის განადგურებას გულის შიგნით შეყვანილი სპეციალური კათეტერების საშუალებით. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აბლაციის სამიზნეა ისეთი უბნები, რომლებშიც არითმიის გამოწვევი ელექტრული იმპულსები წარმოიქმნება.
ძირითადად, აბლაციისთვის გამოიყენებოდა ორი მეთოდი და ორივე ეფუძნება ქსოვილის დაზიანებას ექსტრემალური ტემპერატურით, ერთ შემთხვევაში ქსოვილის გახურებით დაახლოებით (რადიოსიხშირული აბლაცია) ანუ "მოწვით", ხოლო მეორე შემთხვევაში მისი გაყინვით (კრიოაბლაცია). ორივე ეს მეთოდი საკმაოდ შედეგიანია და წარმატებით გამოიყენება დღემდე. მაშ, რატომ გახდა საჭირო აბლაციის სრულიად ახალი, განსხვავებული მექანიზმის გამოგონება.
საქმე იმაშია, რომ გულის კედელი არ შედგება მხოლოდ კუნთოვანი ქსოვილისგან. მას რამდენიმე შრე აქვს. შიდა, ამომფენი შრე ანუ ენდოკარდიუმი, შუა, კუნთოვანი შრე (რომელიც არის აბლაციის სამიზნე) და გარე ზედაპირის მფარავი შრე ანუ ეპიკარდიუმი. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ ასევე ნერვები, სისხლძარღვები და გულის კედელთან მიმდებარე სხვა ორგანოები, განსაკუთრებით გულის თხელკედლიან სტრუქტურებთან მიმდებარე ორგანოები, მაგ. მარცხენა წინაგულის უკანა, ძალიან თხელ კედელს მჭიდროდ ებჯინება საყლაპავი.
ტრადიციული აბლაციის შემთხვევაში, სულერთია, ეს იქნება ე.წ. "მოწვით" თუ "მოყინვით", ზემოქმედება ხდება ექსტრემალური ტემპერატურით გულის კედლის შიდა ზედაპირიდან, რაც გარდაუვალს ხდის მინიმუმ შიდა შრის ანუ ენდოკარდიუმის დაზიანებას. ასევე არსებობს რისკი კედელთან ახლოსმდებარე ნერვების, სისხლძარღვების და სხვა ორგანოების დაზიანების.
პაციენტები რომ არ შევაშინო, აუცილებელია ითქვას, რომ საბედნიეროდ, არასასურველი ეფექტების რისკი ძალიან დაბალია და სწორედ ამის გამო აბლაციის ტრადიციული მეთოდებიც დიდი ხანია, ძალიან უსაფრთხოდ ითვლება, თუმცა გართულებები იშვიათ შემთხვევებში მაინც ხდება და ზოგჯერ ეს გართულებები ძალიან სახიფათოც შეიძლება იყოს.

სწორედ აქ შემოდის პულსური ველით აბლაცია, რომლის ეფექტიც არ ეფუძნება ტემპერატურით ზემოქმედებას. დიდი ხანია ცნობილია, რომ ქსოვილზე ელექტრული ველის ზემოქმედება იწვევს უჯრედების მემბრანაში დროებითი ფორების წარმოქმნას, რასაც ელექტროფორეზი ეწოდება. ელექტროფორეზი წარმატებით გამოიყენება წლების განმავლობაში მედიცინის სხვადასხვა სფეროში, რადგან ეს პროცესი შექცევადია ანუ ფორები მალევე იხურება და უჯრედის მემბრანა არ ზიანდება, მაგრამ თუ მიწოდებული ელექტრული ველი საკმარისად ძლიერი იქნება, წარმოქმნილი ფორები აღარ იხურება და უჯრედი კვდება. ამ პროცესს შეუქცევადი ელექტროფორეზი ეწოდება და სწორედ მას მოეძებნა გამოყენება აბლაციის მიზნით. აღმოჩნდა, რომ ყველა ქსოვილი ერთნაირად მგრძნობიარე არ არის ელექტრული ველის მიმართ და ერთ-ერთი ყველაზე მგრძნობიარე არის სწორედ გულის კუნთის ქსოვილი, ხოლო ნერვული ქსოვილი, სისხლძარღვების და სხვა ორგანოების კუნთოვანი ქსოვილი გაცილებით გამძლეა იგივე სიმძლავრის ელექტრული ველის მიმართ, შესაბამისად, თუკი მიწოდებული ელექტრული ველის პარამეტრებს ამის მიხედვით შევარჩევთ, გულის კუნთის ქსოვილის ის ნაწილი, რომელსაც მივაწვდით ასეთ ელექტრულ ველს, შეუქცევადად დაზიანდება (რაც გვინდა კიდეც აბლაციისას), ხოლო სხვა ქსოვილები დაზიანებას გადაურჩება. ამას ემატება ისიც, რომ ამ პროცესს არ ახლავს ტემპერატურით ზემოქმედება და პროცესი არის ძალიან სწრაფი. ელექტრული ველის მიწოდება ხდება მიკროწამების, ზოგ შემთხვევაში ნანოწამების ხანგრძლივობის იმპულსების სახით (აქედან სახელი პულსური ველით აბლაცია).
ბოლო წლების განმავლობაში პულსური ველით აბლაციის მიმართ ინტერესი უკიდურესად გაიზარდა, რადგან ჩატარებულმა უამრავმა კვლევამ დაადასტურა, რომ ეს მეთოდი გაცილებით უსაფრთხოა ტრადიციული, ტემპერატურული აბლაციის მეთოდებთან შედარებით და ამასთანავე შედეგიანობით არათუ არ ჩამოუვარდება, არამედ, ხშირ შემთხვევაში სჯობნის კიდეც.
უსაფრთხოების და ეფექტურობის გაზრდასთან ერთად, ამ მეთოდმა მნიშვნელოვნად შეამცირა აბლაციის პროცედურის ხანგრძლივობა და გაამარტივა რეაბილიტაციის პროცესი.
დღეს აბლაციის ტექნოლოგიების ყველა მთავარი მწარმოებელი ასევე აწარმოებს პულსური ველით აბლაციის აპარატურას და ეს მეთოდი უკვე ფართოდ არის დანერგილი მთელ მსოფლიოში და აქტიურად ხდება ჩანაცვლება ტემპერატურული აბლაციის ტექნოლოგიის. ამ ეტაპზე ძირითადი გამოყენება წინაგულთა ფიბრილაციის (ე.წ. "მოციმციმე არითმიის") აბლაციაში აქვს, რადგან ყველაზე მეტი კვლევა სწორედ ამ მიმართულებით არის ჩატარებული და არსებული კათეტერები და ტექნოლოგია უფრო მეტად არის ოპტიმიზებული სწორედ წინაგულთა ფიბრილაციის სააბლაციოდ, თუმცა აქტიურად მიდის სხვა არითმიებზეც, მაგ. პარკუჭოვან არითმიებზე პულსური ველით აბლაციის გამოყენება და შესწავლა. შესაბამისად ამ მიმართულებითაც მოსალოდნელია ამ ტექნოლოგიის და კათეტერების კიდევ უფრო დახვეწა და უნივერსალური გამოყენება..



Comments