top of page

ელექტროფიზიოლოგიური კვლევა

ელექტროფიზიოლოგიური კვლევა არითმიების გამოკვლევის მეთოდია, რომლის დროსაც ვენის გავლით სპეციალური დიაგნოსტიკური კათეტერები შეჰყავთ გულში. ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევა ელექტროფიზიოლოგიურ ლაბორატორიაში ტარდება.

როგორ ტარდება პროცედურა?

ექიმი ვენის ჩხვლეტის ადგილს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებით გააყუჩებს (ყველაზე ხშირად გამოიყენება ბარძაყის ვენა, თუმცა შეიძლება კისრის ვენებიც - საუღლე, ლავიწქვეშა - იქნას გამოყენებული), რის შემდეგაც ვენის პუნქცია (ჩხვლეტა) განხორციელდება და მისი გავლით სპეციალური დიაგნოსტიკური კათეტერები შეყვანილ იქნება გულში. ეს პაციენტისთვის მტკივნეული არ არის. უფრო მეტიც, პაციენტები ხშირად საერთოდ ვერ გრძნობენ, როგორ მიემართება კათეტერი გულისკენ. კათეტერების მოძრაობას და მათ განლაგებას გულში ექიმი რენტგენის საშუალებით აკონტროლებს. გულში მოთავსებული კათეტერები ორ ძირითად ფუნქციას ასრულებენ: 1) ახდენენ გულის შიდა, ლოკალური ელექტრული აქტივობის რეგისტრაციას და 2) ასტიმულირებენ გულს (ძალიან სუსტი ელექტრული იმპულსების საშუალებით). გულის სხვადასხვა სტრატეგიული უბნებიდან სტიმულაციით და ლოკალური ელექტრული აქტივობის რეგისტრაციით შესაძლებელია ამა თუ იმ არითმიის სრულყოფილი შესწავლა. თუ პროცედურის დროს ჩაითვალა, რომ პაციენტს ესაჭიროება კათეტერული აბლაცია, როგორც წესი, ეს პროცედურაც მაშინვე ტარდება. თუ კათეტერული აბლაცია არ ჩატარდა, ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევა საშალოდ 20 წთ-დან 1 სთ-მდე გრძელდება. პროცედურის დასრულების შემდეგ კათეტერებს გამოიღებენ და ვენის ჩხვლეტის ადგილს ცოტა ხნით დააწვებიან, რომ ნაჩხვლეტიდან სისხლი არ წამოვიდეს. როგორც წესი, სახლში წასვლას იმავე დღეს შეძლებთ.

 

რა სახის არითმიების შესწავლა შეიძლება ელექტროფიზიოლოგიური კვლევით?

ელექტროფიზიოლოგიური კვლევით შეიძლება შესწავლილ იქნას როგორც ბრადიარითმიები (ნელი არითმიები), ასევე ტაქიარითმიები (სწრაფი არითმიები). თუ კვლევამ მნიშვნელოვანი ბრადიარითმული დარღვევა აჩვენა, შესაძლებელია საჭირო გახდეს მუდმივი პეისმეკერის იმპლანტაცია. ტაქიარითმიების კვლევის დროს სპეციალური პროგრამული სტიმულაციის საშუალებით ცდილობენ ტაქიკარდიის გამოწვევას. თუ ტაქიკარდიის გამოწვევა ხერხდება, მაშინ კათეტერების მიერ ჩაწერილი ელექტრული აქტივობის ანალიზით შესაძლებელია ტაქიკარდიის მექანიზმის დადგენა. ამის შემდეგ ხდება ამა თუ იმ არითმიისთვის მკურნალობის ოპტიმალური მეთოდის შერჩევა.

  • მუდმივი პეისმეკერის იმპლანტაცია: მნიშვნელოვანი ბრადიარითმიის შემთხვევაში საჭირო ხდება მუდმივი პეისმეკერის იმპლანტაცია.

  • კათეტერული აბლაცია: პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიების და ზოგიერთი ფორმის პარკუჭოვანი ტაქიკარდიის შემთხვევაში მკურნალობის ოპტიმალური მეთოდია კათეტერული აბლაცია. როგორც წესი, კათეტერული აბლაციაც შეიძლება იმავე პროცეურის დროს ჩატარდეს.

  • კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია: სწრაფი პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ან პარკუჭთა ფიბრილაციის გამოვლენის შემთხვევაში შეიძლება საჭირო გახდეს კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია.

 

რა რისკები აქვს ელექტროფიზიოლოგიურ კვლევას?

ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევა ჩვეულებრივ, საკმაოდ უსაფრთხო პროცედურაა. შესაძლო რისკები იგივეა, რაც გულის ნებისმიერი კათეტერიზაციის შემთხვევაში.  მცირე გართულებები შეიძლება იყოს ვენის ნაჩხვლეტიდან სისხლდენა ან მცირე ჰემატომა.  მნიშვნელოვანი გართულებების რისკი 0,1%-ს არ აღემატება. კათეტერული აბლაციის შემთხვევაში რისკები ასევე მცირეა, თუმცა ოდნავ მეტი, ვიდრე მხოლოდ ელექტროფიზიოლოგიური კვლევის დროს.

ელექტროფიზიოლოგიური კვლევა: Inner_about
bottom of page