
კათეტერული აბლაცია
კათეტერული აბლაცია
კათეტერული აბლაცია სამკურნალო პროცედურაა და გამოიყენება ზოგიერთი ტაქიარითმიის სამკურნალოდ. პროცედურა გულისხმობს გულში სპეციალური კათეტერების შეყვანას (იხ. ელექტროფიზიოლოგიური კვლევა) და ტაქიარითმიის გამომწვევი უბნის დაზიანებას რადიოსიხშირით (დაბალი ძაბვის მაღალსიხშირული ელექტრული დენით) ანუ “მოწვით” ან კრიოთერაპიით ანუ “მოყინვით”.
პროცედურის წინ
ექიმმა შეიძლება გთხოვოთ, პროცედურამდე რამდენიმე დღით ადრე ანტიარითმული წამლის მიღების შეწყვეტა. პროცედურის წინა დღის საღამოს შემდეგ საკვები აღარ უნდა მიიღოთ.
პროცედურა
კათეტერული აბლაციების უმეტესობა ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება (თუმცა ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას ზოგადი ანესთეზია). ექიმი ვენის ჩხვლეტის ადგილს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებით გააყუჩებს (ყველაზე ხშირად გამოიყენება ბარძაყის ვენა, თუმცა შეიძლება კისრის ვენებიც - საუღლე, ლავიწქვეშა - იქნას გამოყენებული), რის შემდეგაც ვენის პუნქცია (ჩხვლეტა) განხორციელდება და მისი გავლით სპეციალური დიაგნოსტიკური კათეტერები შეყვანილ იქნება გულში. კათეტერების პოზიცია რენტგენის საშუალებით მოწმდება.
ამის შემდეგ პროგრამული სტიმულაციით და გულის შიდა ელექტრული აქტივობის ანალიზით (იხ. ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევა), ხდება ტაქიარითმიის გამოწვევა და მისი სახის, მექანიზმის და წარმოშობის ადგილის ზუსტი განსაზღვრა. არითმიის წარმოშობის ადგილის და კრიტიკული უბნების ზუსტი ლოკალიზაციისთვის (“კარტირებისთვის”) სხვადსხვა მეთოდი გამოიყენება. შესაძლებელია გამოყენებულ იქნას რთული სამგანზომილებიანი კარტირებისა და ნავიგაციის სისტემებიც. მას შემდეგ, რაც ზუსტად დადგინდება, თუ საიდან მოდის არითმია, სპეციალური სააბლაციო კათეტერის საშუალებით ხდება მიდგომა ამ უბანთან და რადიოსიხშირის (უხშირესად) მიწოდება, რაც ქსოვილის გახურებას იწვევს. ქსოვილის ტემპერატურა და სხვა პარამეტრები უწყვეტად კონტროლდება ამ დროს. მას შემდეგ, რაც ქსოვილი საკმარისად გახურდება, ეს უბანი კარგავს არითმიის გამოწვევის უნარს. ამის შემდეგ ექიმი კვლავ შეეცდება, გამოიწვიოს თქვენი არითმია, რათა დარწმუნდეს, საკმარისად წარმატებით იქნა თუ არა “დამნაშავე” უბანი დაზიანებული. თუ ტაქიკარდიის გამოწვევა აღარ მოხერხდა და დასტურდება წარმატებული დაზიანება, კათეტერებს გამოიღებენ და პუნქციის (“ჩხვლეტის”) ადგილებში დამწოლ ნახვევს დაადებენ, რათა ნაჩხვლეტები დაიხუროს. აბლაციის შემდეგ როგორც წესი, ერთი დღე საავადმყოფოში რჩებით და თუ ყველაფერი წესრიგში იქნა, მეორე დღეს შეძლებთ სახლში წასვლას.
რა და რა სახის აბლაცია არსებობს და რა განსხვავებაა მათ შორის
რადიოსიხშირული (RF) აბლაცია. ყველაზე გავრცელებული და უნივერსალური არის რადიოსიხშირული (RF) აბლაცია, როდესაც კათეტერის წვერზე მიეწოდება მაღალი სიხშირის ელექტრული დენი, რაც იწვევს კათეტერის შეხების ზედაპირზე ქსოვილის გახურებას და გარკვეული ტემპერატურის მიღწევის შემდეგ ხდება ამ ქსოვილის განადგურება, ე.წ. „მოწვა“.
კრიოაბლაცია. რადიოსიხშირული (RF) აბლაციის შემდეგ მეორე პოპულარული მეთოდია კრიოაბლაცია. ამ შემთხვევაში სპეციალური კათეტერის შიგნით ხდება აზოტის ოქსიდის მიწოდება, რაც იწვევს კათეტერის შეხების ზედაპირზე ქსოვილის გაყინვას.
პულსური ველით აბლაცია (Pulsed Field Ablation), რომელიც დღეს უკვე აქტიურად ანაცვლებს აბლაციის ტრადიციულ მეთოდებს (რადიოსიხშირულ და კრიოაბლაციას). პულსური ველით აბლაციის უპირატესობაა მხოლოდ კუნთოვანი ქსოვილის შერჩევითი დაზიანება და ე.წ. „გვერდითი დაზიანების“ არარსებობა.
არსებობს აგრეთვე ენერგიის სხვა წყაროები, რომლებიც გაცილებით იშვიათად გამოიყენება, მაგ. მიკროტალღური აბლაცია, ლაზერული აბლაცია, ულტრაბგერით აბლაცია და ა.შ.
არსებობს აგრეთვე ალკოჰოლით აბლაცია, როდესაც ქსოვილის დაზიანება არა თერმულად, არამედ ქიმიურად ხდება.
ასევე მიმდინარეობს შესწავლა სხეულის გარედან დამიზნებითი რადიოთერაპიით არითმიის კერებზე ზემოქმედების (Stereotactic Body Radiation Therapy).
აქვს თუ არა უპირატესობა აბლაციის ამა თუ იმ სახეს
რადიოსიხშირული (RF) აბლაცია, კრიოაბლაცია თუ პულსური ველით აბლაცია?
რადიოსიხშირული (RF) აბლაცია ყველაზე გავრცელებული და ტრადიციული მეთოდია დღეისათვის კათეტერული აბლაციისთვის. ტექნოლოგია არის მარტივი, საიმედო, საშუალებას იძლევა კარგად გაკონტროლდეს აბლაციური დაზიანების ზომა და სიღრმე და კათეტერების ტექნოლოგია საშუალებას იძლევა, რომ რადიოსიხშირული აბლაციით ჩატარდეს პრაქტიკულად ნებისმიერი არითმიის აბლაცია.
კრიოაბლაცია თანდათან კარგავს აქტუალობას პულსური ველით აბლაციის განვითარებასთან ერთად.
პულსური ველით აბლაცია დღეისათვის ერთ-ერთ ყველაზე უფრო პოპულარულ მეთოდად ითვლება აბლაციის რადიოსიხშირულ აბლაციასთან ერთად. პულსური ველით აბლაციის უპირატესობაა სამიზნე ქსოვილის შერჩევითი დაზიანება და გვერდითი (კოლატერალური) დაზიანების მინიმუმამდე დაყვანა, სისწრაფე და მყარი ეფექტი. დღეისათვის სულ უფრო ხშირად შეხვდებით ერთ სააბლაციო სისტემაში გაერთიანებულ ორ მეთოდს (რადიოსიხშირულ და პულსური ველით აბლაციას), რაც ექიმს საშუალებას აძლევს სააბლაციო კათეტერის გამოცვლის გარეშე გამოიყენოს როგორც ერთი, ისე მეორე ენერგიის წყარო აბლაციის პროცედურის დროს.
რომელ არითმიებზე გამოიყენება კათეტერული აბლაცია და რა შედეგები აქვს
კათეტერული აბლაცია გამოიყენება შემდეგ არითმიებზე:
-
წინაგულთა ფიბრილაცია
-
წინაგულთა თრთოლვა
-
პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია
-
პარკუჭოვანი ტაქიკარდია
-
პარკუჭოვანი და წინაგულოვანი ექსტრასისტოლია
რას ველოდებით კათეტერული აბლაციისგან
ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, თუ რას ველოდებით ამა თუ იმ არითმიის აბლაციისგან. ეს არითმიის ტიპზეა დამოკიდებული და ზოგი არითმიის შემთხვევაში ველოდებით მის სრულ განკურნებას, ხოლო ზოგი არითმიის შემთხვევაში სიმპტომების უკეთეს კონტროლს.
შესაბამისად, არასწორია ისიც, რომ ყველა შემთხვევაში აბლაციისგან არითმიის სრულ განკურნებას ელოდო, და ასევე ის, რომ არითმიის ნებისმიერი განმეორების შემთხვევაში აბლაცია არაეფექტურ მეთოდად ჩაითვალოს. ორივე ეს მოსაზრება სამწუხაროდ, ფართოდაა გავრცელებული დღეს.
ქვემოთ ჩამოთვლილია სხვადასხვა არითმიის შემთხვევაში რას უნდა ველოდოთ აბლაციისგან და რამდენ პროცენტში ხდება ამ შედეგის მიღწევა.
პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია
AV-კვანძოვანი რეენტრული ტაქიკარდია (AVNRT).
ველოდებით სრულ განკურნებას. ერთი აბლაციით ეს მიიღწევა 98%-ში. განმეორებითი აბლაციის საჭიროება დგება 5%-ში.
WPW-სინდრომი და ფარული დამატებითი გზები.
ველოდებით სრულ განკურნებას. ერთი აბლაციით ეს მიიღწევა 92%-ში. განმეორებითი აბლაციის საჭიროება დგება 8-10%-ში.
ექტოპიური წინაგულოვანი ტაქიკარდია.
ველოდებით სრულ განკურნებას. ერთი აბლაციით ეს მიიღწევა 85-90%-ში. განმეორებითი აბლაციის საჭიროება დგება 10-15%-ში.
წინაგულთა ფიბრილაცია („მოციმციმე არითმია“)
წინაგულთა ფიბრილაცია ქრონიკული დაავადებაა. შესაბამისად, აბლაციით მისი, როგორც დაავადების განკურნება არ ხდება. მისი აბლაციისგან ველოდებით არითმიის სიმპტომური ეპიზოდების შემცირებას, შესაბამისად, ჰოსპიტალიზაციის შემცირებას და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას.
წინაგულთა ფიბრილაციას აქვს სხვადასხვა ფორმა და აბლაციის შედეგებიც განსხვავებულია.
პაროქსიზმული ფორმის დროს (როცა არითმიის ეპიზოდები ხანმოკლეა და რამდენიმე დღეში ჩერდება თავისით ან ექიმის ჩარევით) აბლაციით სიმპტომური კონტროლი ხერხდება 70%-ში (ერთი აბლაციით) და 85-90%-ში (განმეორებითი აბლაციებით).
პერსისტული ფორმის დროს (როცა არითმიის ეპიზოდები ერთ კვირაზე მეტხანს ნარჩუნდება ხოლმე) აბლაციით სიმპტომური კონტროლი ხერხდება დაახლოებით 50%-ში (ერთი აბლაციით) და 75-80%-ში (განმეორებითი აბლაციებით).
ხანგრძლივად პერსისტული ფორმის დროს (როცა არითმია წელიწადზე მეტია უწყვეტად მიმდინარეობს) აბლაციას კიდევ უფრო დაბალი შანსები აქვს და ასეთ შემთხვევაში აბლაციის გადაწყვეტილება კარგად უნდა იქნას გააზრებული ექიმისა და პაციენტის მიერ.
წინაგულთა თრთოლვა
ტიპიური წინაგულთა თრთოლვის დროს ველოდებით მის სრულ გაქრობას და ეს მიიღწევა 85-90%-ში ერთი აბლაციით. განმეორებითი აბლაციის საჭიროება დგება დაახლოებით 10-15%-ში.
ატიპიური თრთოლვის შემთხვევაში, რაც ხშირად კარდიოქირურგიული ოპერაციების შემდეგ, წინაგულთა ფიბრილაციის გამო ჩატარებული კათეტერული აბლაციის შემდეგ ან ძალიან დაავადებულ წინაგულში წარმოიშობა ხოლმე, შედეგები უფრო მოკრძალებულია. თრთოლვის გაქრობა აბლაციით დაახლოებით 70-75%-ში ხდება, თუმცა ამისთვის შესაძლოა 2 ან 3 აბლაციის ჩატარება გახდეს საჭირო.
პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია
აქ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ყველა ექსტრასისტოლია აბლაციას არ საჭიროებს. თუ ექსტრასისტოლია არ არის ძალიან ხშირი, არ არის სიმპტომური და არ იწვევს გულის კუმშვადი ფუნქციის დაქვეითებას, აბლაცია აუცილებელი არ არის.
აბლაციის შემთხვევაში მნიშვნელოვანია გავარჩიოთ, ეს არის სტრუქტურულად ჯანმრთელ გულში აღმოცენებული ექსტრასისტოლია (ე.წ. იდიოპათიური ექსტრასისტოლია) თუ გულის კუნთის სხვადასხვა დაავადების ფონზე (გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, კარდიომიოპათია) განვითარებული.
იდიოპათიური ექსტრასისტოლია უფრო კარგად ემორჩილება აბლაციას, თუმცა აბლაციის შედეგები ძალიან არის დამოკიდებული იმაზე, თუ გულის რა უბნიდან მოდის ექსტრასისტოლია. ყველაზე ხშირად იდიოპათიური ექსტრასისტოლია მოდის მარჯვენა პარკუჭის გამოსავალი ტრაქტიდან და ამ შემთხვევაში აბლაციით ექსტრასისტოლიის გაქრობის შანსი დაახლოებით 85%-ია. სხვა უბნებიდან წამოსული ექსტრასისტოლიის შემთხვევაში აბლაციით მისი გაქრობის შანსები უფრო დაბალია და დაახლოებით 60-80%-ს შეადგენს.
პარკუჭოვანი ტაქიკარდია
აქაც უნდა გავარჩიოთ სტრუქტურულად ჯანმრთელ გულში განვითარებული პარკუჭოვანი ტაქიკარდია (იდიოპათიური პარკუჭოვანი ტაქიკარდია) და გულის სტრუქტურული პათოლოგიის დროს (გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, კარდიომიოპათია) განვითარებული.
იდიოპათიური პარკუჭოვანი ტაქიკარდიის დროს აბლაციით ტაქიკარდიის ეპიზოდების შეწყვეტა მიიღწევა ისეთივე პროცენტში, როგორიც იდიოპათიური პარკუჭოვანი ექსტრასისტოლიის შემთხვევაში (იხ. ზემოთ).
სტრუქტურული პათოლოგიის შემთხვევაში (გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი, კარდიომიოპათია) განვითარებული პარკუჭოვანი ტაქიკარდიები სიცოცხლისთვის საშიში არითმიებია და ამ შემთხვევაში აბლაციით ამ ტაქიკარდიების სრული და საიმედო გაქრობა ძნელია ან შეუძლებელი. ამიტომ ასეთ პაციენტებს პირველ რიგში, უყენდებათ იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი უეცარი სიკვდილისგან თავდაცვის მიზნით. პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ხშირი, განმეორებითი ეპიზოდების დროს კი ტარდება კათეტერული აბლაცია, რომლის მიზანია ტაქიკარდიის ხშირი ეპიზოდების შემცირება და შეძლებისდაგვარად მათი აღმოფხვრა. ასეთი არითმიების აბლაცია რთული და სარისკო პროცედურაა და მიუხედავად იმისა, რომ ამ პარკუჭოვანი ტაქიკარდიების კონტროლი აბლაციით საკმაოდ ხშირად ხერხდება, არც ისე იშვიათია გვიანი რეციდივის შემთხვევები.
რამდენად უსაფრთხოა კათეტერული აბლაცია
კათეტერული აბლაცია, ჩვეულებრივ, საკმაოდ უსაფრთხო პროცედურაა, თუმცა როგორც ყველა ინვაზიურ ჩარევას, მასაც ახლავს გართულებების გარკვეული რისკი.
ეს გართულებები განვითარების სიხშირის მიხედვით შემდეგია:
-
~1%
-
შეიძლება განვითარდეს ჰემატომა ან არტერიულ-ვენური ფისტულა სისხლძარღვის პუნქციის არეში.
-
გულის რიტმის დარღვევა, რომელმაც შეიძლება მოითხოვოს ელექტრული ან ფარმაკოლოგიური კარდიოვერსია
-
-
~0,2%
-
თრომბის წარმოქმნა გულში, რამაც შეიძლება ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია ან ინსულტი გამოიწვიოს.
-
თრომბის წარმოქმნა ფეხის ღრმა ვენებში, რაც ქმნის ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის საშიშროებას.
-
-
~0,1%
-
გულის პერფორაცია (გახვრეტა) და პერიკარდიუმის ტამპონადა (სისხლის ჩადგომა გულის ”პერანგში”). ეს შეიძლება იყოს როგორც უმნიშვნელო, ისე სიცოცხლისათვის საშიშიც და საჭირო გახდეს სასწრაფო პერიკარდიოცენტეზი (ჩაღვრილი სისხლის ჩხვლეტით გამოღება) ან კარდიოქირურგიული ოპერაცია.
-
გულის სრული ბლოკადა, რის შემდეგაც საჭირო გახდება მუდმივი პეისმეკერის იმპლანტაცია.
-
ინფექცია
-
რენტგენის სხივებით გამოწვეული რადიაციური დაზიანება
-
გულის სარქვლის დაზიანება
-
კორონარული არტერიის დაზიანება
-
ალერგიული რეაქცია რომელიმე მედიკამენტზე.
-
-
ლეტალური შედეგის რისკი შეადგენს დაახლოებით 0.03%.