top of page

არითმიის მკურნალობის მეთოდები

როგორ მკურნალობენ არითმიას?

მკურნალობა არითმიის ტიპზე და მის სიმძიმეზეა დამოკიდებული. ზოგჯერ შეიძლება არავითარი მკურნალობა არ იყოს საჭირო. მკურნალობის მეთოდები შემდეგია: მედიკამენტური მკურნალობა, ცხოვრების წესის შეცვლა, ინვაზიური თერაპია, ელექტრული აპარატების ჩანერგვა და გულის ქირურგია.

 

  • მედიკამენტური მკურნალობა - ანტიარითმული წამლები მოიცავენ წამლებს, რომლებიც გულის ნორმალური რიტმის აღსადგენად ან მის შესანარჩუნებლად გამოიყენება. გარდა ამისა, არითმიის სამკურნალოდ შეიძლება გამოყენებულ იქნას გულის სიხშირის შემანელებელი და სისხლის ”გამათხელებელი” წამლები. სისხლის ”გამათხელებელი” წამლების (ანტიკოაგულანტების) მიღება იმიტომაა საჭირო, რომ ზოგიერთი არითმიისას ჩნდება გულის შიგნით თრომბის გაჩენის საფრთხე. მნიშვნელოვანია, რომ გახსოვდეთ თქვენი წამლების დასახელება, მიღების წესი და დოზა, იცოდეთ შესაძლო გვერდითი მოვლენები და ის წამლები, რომლებიც მანამდე მიგიღიათ თქვენი არითმიის სამკურნალოდ.

 

  • ცხოვრების წესის შეცვლა - არითმიაზე გავლენას თქვენი ცხოვრების წესიც ახდენს, მაგალითად: თუ ეწევით, დაანებეთ თავი მოწევას. შეზღუდეთ ალკოჰოლის მოხმარება. შეზღუდეთ ან შეწყვიტეთ კოფეინის მოხმარება. მოერიდეთ მასტიმულირებელი (აღმგზნები) საშუალებების მიღებას (მაგ. ხველის ან ”გაციების” საწინააღმდეგო წამლების შემადგენლობაში). ზოგჯერ ამ საშუალებებს არითმიის გამოწვევა შეუძლიათ. გარდა ამისა, თუ გრძნობთ, რომ თქვენი არითმია უფრო ხშირდება გარკვეული აქტივობისას, შეზღუდეთ ეს აქტივობა.

 

  • ინვაზიური თერაპია

    • კარდიოვერსია - ზოგჯერ პაციენტის არითმიის გამოსწორება (მაგ. წინაგულთა ფიბრილაციის) ვერ ხერხდება მხოლოდ წამლებით. ასეთ შემთხვევაში გამოიყენება ელექტრული კარდიოვერსია: ხანმოკლე მოქმედების საანესთეზიო საშუალებით თქვენ დაგაძინებენ და სპეციალური ელექტროდებით თქვენს გულმკერდში გარკვეული პარამეტრების ელექტრულ დენს გაატარებენ. ეს აღადგენს თქვენი გულის ნორმალურ მუშაობას.

    • კათეტერული აბლაცია - აბლაცია გულისხმობს არითმიის გამომწვევი უბნის დესტრუქციას (დანგრევას). ვენის ან არტერიის ჩხვლეტით გულში სპეციალური კათეტერის მოთავსება ხდება, რომლითაც ხდება არითმიის გამომწვევი უბნის მოძებნა და მისი ”მოწვა”, რის შემდეგაც ეს უბანი სამუდამოდ კარგავს არითმიის აღმოცენების უნარს.

    • იმპლანტირებადი ელექტრული აპარატები - ეს არის აპარატები, რომლებიც სხეულში ინერგება და რიტმის სხვადასხვა დარღვევას მკურნალობს:

      • მუდმივი პეისმეიკერი (კარდიოსტიმულატორი) - ეს არის მცირე ზომის აპარატი, რომელიც გულმკერდის კანქვეშ თავსდება და სპეციალური ელექტროდების საშუალებით მცირე სიმძლავრის ელექტრულ იმპულსებს უგზავნის გულს, რაც მას ნორმალურ მუშაობაში ეხმარება. პეისმეკერი ”გრძნობს” გულის ელექტრულ აქტივობას და იმპულსებს მხოლოდ მაშინ გზავნის, როდესაც ეს აუცილებელია. ძირითადად პეისმეკერები ბრადიარითმიების (გულის ნელი რიტმის) სამკურნალოდ გამოიყენება, თუმცა თანამედროვე პეისმეკერებს ტაქიარითმიების სამკურნალო ფუნქციებიც აქვთ. გარდა ამისა, არსებობს გულის უკმარისობის სამკურნალო პეისმეკერები, რომლებიც გულის კოორდინირებული შეკუმშვის სინქრონიზებას ახდენს და აუმჯობესებს გულის უკმარისობის სიმპტომებს.

      • იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი (იკდ) - ეს რთული ელექტრული მოწყობილობაა, რომელიც ძირითადად სიცოცხლისთვის საშიში არითმიების - პარკუჭოვანი ტაქიკარდიის და პარკუჭთა ფიბრილაციის სამკურნალოდ გამოიყენება. იკდ განუწყვეტლივ აკონტროლებს გულის მუშაობას და სასიცოცხლოდ საშიში არითმიის დაწყებისთანავე დაუყოვნებლივ წყვეტს ამ არითმიას. იკდ მკურნალობის რამდენიმე მეთოთს იყენებს:

        • ანტიტაქიკარდიული სტიმულაცია - იკდ გზავნის მცირე სიმძლავრის ელექტრული იმპულსების ხშირ ჯერს, რაც აღადგენს ნორმალურ რიტმს.

        • კარდიოვერსია - იკდ დაბალი ენერგიის ელექტრულ განმუხტვას ახდენს, რაც აღადგენს ნორმალურ რიტმს.

        • დეფიბრილაცია - ეს უფრო მაღალი ენერგიის ელექტრული განმუხტვაა, რომელიც პარკუჭთა ფიბრილაციისას გამოიყენება.

        • ანტიბრადიკარდიული სტიმულაცია - იგივე ფუნქცია, რაც აქვთ მუდმივ პეისმეკერებს. მკურნალობის ეს მეთოდი ზედმეტად ნელი რიტმის სამკურნალოდ გამოიყენება.

  • გულის ქირურგია - ქირურგიული ოპერაცია შეიძლება საჭირო გახდეს, როდესაც ზემოთჩამოთვლილი მეთოდებით ვერ ხერხდება არითმიის სიმპტომების კორეგირება.

არითმიის მკურნალობა: Inner_about
bottom of page