არითმული შტორმი
კლინიკური გამოვლინება
განისაზღვრება, როგორც ჰემოდინამიკურად მნიშვნელოვანი პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ან პარკუჭთა ფიბრილაციის სამი ან მეტი ეპიზოდი (რომელიც მოითხოვს ანტიარითმულ ჩარევას ან ელექტროკარდიოვერსიას) 24 სთ-ის განმავლობაში.
შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ პაციენტთან, თუმცა ყველაზე ხშირია იმპლანტირებადი დეფიბრილატორის მქონე პაციენტებში, რომლებიც მომართავენ საავადმყოფოს მრავლობითი განმუხტვების გამო.
მექანიზმი
არ არის ბოლომდე გარკვეული. მიიჩნევა, რომ ჰიპერადრენერგული სტატუსი მნიშვნელოვან როლს თამაშობს არითმული შტორმის განვითარებაში.
სიძნელეები
მთავარი სიძნელე პაციენტის კლინიკური მდგომარეობის კონტროლია. საჭიროა პაციენტის დაუყოვნებელი ჰოსპიტალიზაცია.
არითმული შტორმის განსაზღვრება არ მოიცავს პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ხშირ ეპიზოდებს, რომლებიც პაციენტს კარგად გადააქვს (თუნდაც დღე-ღამეში 12 სთ-ზე მეტხანს გრძელდებოდეს). ასეთ ტაქიკარდიას უწყვეტი (incessant) ტაქიკარდია ეწოდება და მისი მკურნალობა განსხვავებულია.
დიფერენციული დიაგნოსტიკა
დეფიბრილატორის მქონე პაციენტებში საჭიროა დიფერენცირება მრავლობითი განმუხტვების სხვა მიზეზებთან:
სუპრავენტრიკულური არითმიები (განსაკუთრებით წინაგულთა ფიბრილაცია)
გარეშე სიგნალების დეტექცია (T კბილის დეტექცია, ელექტროდის ფრაქტურა და სხვ.)
საჭიროა დეფიბრილატორის შემოწმება, რათა დადგინდეს, განმუხტვები ნამდვილად პარკუჭოვანი არითმიების გამოა (ნამდვილი არითმული შტორმი) თუ არა (წინაგულთა ფიბრილაცია ან სხვა მიზეზი)
სხვა პაციენტებში, რომლებსაც დეფიბრილატორი არ უდგათ, უნდა დადგინდეს, ხომ არ არის არითმული შტორმი მწვავე იშემიის გამოხატულება.
მკურნალობა
თუ არითმული შტორმი დადასტურდა:
მწვავე მკურნალობა:
ბეტა-ბლოკერები + ამიოდარონი. თუ კონტროლი ვერ ხერხდება, უნდა დაემატოს სედაცია, ზოგჯერ საჭიროა ზოგადი ანესთეზიაც ინტუბაციით და ხელოვნური ვენტილაციით. გამოირიცხოს შექცევადი მიზეზები (მიოკარდიუმის იშემია, ელექტროლიტური დარღვევა)
ბრუგადას სინდრომის დროს არჩევის მკურნალობა იზოპროტერენოლია.
პროფილაქტიკური მკურნალობა:
ამიოდარონი + ბეტა - ბლოკერები ან მექსილეთინი. ზოგჯერ (თუ შესაძლებელია) საჭიროა დეფიბრილატორის რეპროგრამირება ისე, რომ თავიდან ავიცილოთ პარკუჭოვანი სტიმულაცია (სიხშირის ქვედა ზღვარი დავწიოთ ძალიან ან გადავაპროგრამოთ AAI რეჟიმში). ზოგ პაციენტთან საჭიროა პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ან გამომწვევი ექსტრასისტოლიის კათეტერული აბლაცია.