მულტიფოკალური წინაგულოვანი ტაქიკარდია
კლინიკური გამოვლინება
მთავარი ელექტროკარდიოგრაფიული დამახასიათებელი ნიშანი P კბილების მორფოლოგიის ვარიაბელობაა
მინიმუმ სამი განსხვავებული მორფოლოგიის P კბილები
წინაგულთა სიხშირე >100/წთ
P კბილები ერთმანეთისგან იზოელექტრული ხაზითაა გამოყოფილი
ვარიაბელური PP, PR და RR ინტერვალები
ეს არითმია დაკავშირებულია ფილტვების, გულის დაავადებებთან და ბევრ სხვა კლინიკურ პათოლოგიასთან. აღენიშნება ჰოსპიტალიზებული პაციენტების 0.3%-ს, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში (70 წელზე ზემოთ). სიმპტომებს რაც შეეხება, უფრო მეტად ძირითადი დაავადების სიმპტომებია ხოლმე გამოხატული.
ფილტვების პათოლოგია: მწტ-ის მქონე პაციენტების 60%-ს აღენიშნება. ამ არითმიის აღმოცენებას ხელს უწყობს: ჰიპოქსია, ჰიპერკაპნია, აციდოზი, აუტონომიური დისბალანსი, მარჯვენა წინაგულის დილატაცია და ამინოფილინით, თეოფილინითა და იზოპროტერენოლით მკურნალობა
გულის პათოლოგია: მწტ უკავშირდება გულის სტრუქტურულ პათოლოგიას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას თან ახლავს ფილტვებში შეგუბება.
სხვა პათოლოგიები: გლუკოზისადმი ტოლერანტობის დარღვევა, ჰიპოკალემია, ჰიპომაგნეზიემია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, სეფსისი.
დიფერენციული დიაგნოსტიკა
მულტიფოკალური წინაგულოვანი რიტმი ან წინაგულოვანი რიტმის წამყვანის მიგრაცია: P კბილების მორფოლოგია ისევე ვარიაბელურია, როგორც მწტ-ის დროს, თუმცა წინაგულთა სიხშირე 100-ზე ნაკლებია. როგორც წესი, სიმპტომები არ ახლავს.
მკურნალობა
თუ გულის შეკუმშვათა სიხშირე წუთში 100-ზე ნაკლებია, ჩვეულებრივ, მკურნალობას არ საჭიროებს.
ყველაზე ეფექტური ძირითადი დაავადების მკურნალობაა (მწტ, როგორც წესი, ქრება ძირითადი დაავადების გაუმჯობესებასთან ერთად)
ფარმაკოლოგიური მკურნალობა: ყველაზე ხშირად გამოყენებადი წამალი ვერაპამილია (კარგად ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს, თუმცა სინუსური რიტმის აღდგენას აღწევს მხოლოდ <45% შემთხვევებში). ბეტა-ბლოკატორები (განსაკუთრებით მეტოპროლოლი და ესმოლოლი) 75%-ზე მეტ შემთხვევებში აღწევენ სინუსური რიტმის აღდგენას, თუმცა მათი გამოყენება შეზღუდულია ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების და ბრონქოსმასტიური სინდრომის დროს. დიგოქსინი ნაკლებად ეფექტურია.
არაფარმაკოლოგიური მკურნალობა: კარდიოვერსია არ არის ნაჩვენები უეფექტობის გამო. იშვიათ შემთხვევებში, როდესაც არითმია რეფრაქტერულია ფარმაკოლოგიური მკურნალობის მიმართ, შესაძლებელია საჭირო გახდეს ავ-კვანძის აბლაცია/მოდიფიკაცია და პეისმეკერის იმპლანტაცია
ქვემოთ მოცემულია მულტიფოკალური წინაგულოვანი ტაქიკარდიის ეკგ და მკურნალობის ალგორითმი

