top of page

კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი

იმპლანტირებადი კარდიოვეტერ-დეფიბრილატორი (იკდ)

 

იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი წარმოადგენს უეცარი სიკვდილისგან თავდაცვის ერთადერთ ეფექტურ საშუალებას. უეცარ სიკვდილს, როგორც წესი, რთული პარკუჭოვანი ტაქიარითმიები (პარკუჭთა ფიბრილაცია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია) იწვევს. ამ არითმიების სწრაფი შეწყვეტა მხოლოდ ელექტრული დეფიბრილაციითაა შესაძლებელი.

 

რას აკეთებს იკდ?

თანამედროვე იმპლანტირებადი კარდიოვერტერ-დეფიბრილატორები მკურნალობენ როგორც ტაქი-, ასევე ბრადიარითმიებს, თუმცა მათი ძირითადი ფუნქცია ტაქიარითმიების მკურნალობაა. იკდ მუდმივად აკონტროლებს პაციენტის გულის მუშაობას და როგორც კი დააფიქსირებს საშიშ არითმიას, დაუყოვნებლივ წყვეტს მას და აღადგენს გულის ნორმალურ მუშაობას. ამისთვის იკდ სამი სხვადასხვა სახის თერაპიას იყენებს:

  • ანტიტაქიკარდიული სტიმულაცია: შედარებით ნელი ტაქიარითმიის შემთხვევაში იკდ სუსტი იმპულსებით ხშირი სტიმულაციის ჯერს განახორციელებს, რაც ხშირ შემთხვევაში პაციენტისთვის შეუმჩნევლად და უმტკივნეულოდ წყვეტს არითმიას.

  • კარდიოვერსია: დაბალი ენერგიის ელექტრული განმუხტვა, რომელიც შედარებით სწრაფი პარკუჭოვანი ტაქიკარდიების დროს გამოიყენება.

  • დეფიბრილაცია: მაღალი ენერგიის განმუხტვა, რომელიც პარკუჭთა ფიბრილაციის დროს ან წინა თერაპიების უეფექტობის შემთხვევაში გამოიყენება.

  

ვის სჭირდება იკდ?

არსებობს სპეციალური რეკომენდაციები (გაიდლაინები), რომლებიც განსაზღვრავენ, თუ ვის ესაჭიროება იკდ. ძირითადად ეს პაციენტთა შემდეგი კატეგორიებია:

  • პაციენტები, რომლებმაც გადაიტანეს გულის გაჩერების ეპიზოდი ან მდგრადი პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ეპიზოდები (რომლებიც არ იყო გამოწვეული გარდამავალი ან შექცევადი მიზეზებით).

  • ზოგიერთი პაციენტი, რომლებსაც არ გადაუტანიათ ზემოთაღნიშნული არითმიები, მაგრამ აღენიშნებათ მათი განვითარების მაღალი რისკი (მაგ. გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი და გულის დაქვეითებული კუმშვადი ფუნქცია და სხვ.)

 

რისგან შედგება იკდ?

იკდ შედგება იმპულსების გენერატორისა და ერთი ან რამდენიმე ელექტროდისგან. იმპულსების გენერატორი ჩვეულებრივ მკერდის კანქვეშ თავსდება, ხოლო ელექტროდები კი ვენის გავლით გულში ჩადის.

 

იმპლანტაცია

იკდ-ის იმპლანტაცია მუდმივი პეისმეკერის იმპლანტაციის მსგავსია. ძირითადად ის ადგილობრივი ანესთეზიით და მსუბუქი სედაციით ტარდება. ელექტროდი ან ელექტროდები როგორც წესი ლავიწქვეშა ვენის გავლით ჩადის გულში, იმპულსების გენერატორი კი, რომელსაც ელექტროდი ან ელექტროდები უერთდება, ჩვეულებრივ ლავიწქვეშა მიდამოს კანქვეშ თავსდება. ხშირად იმპლანტაციის დასასრულს ექიმი მცირე ხნით აძინებს ავადმყოფს და ხელოვნურად იწვევს არითმიას, რათა დარწმუნდეს, რომ იკდ სწორად ამოიცნობს არითმიას და წარმატებით აღადგენს გულის ნორმალურ მუშაობას. პროცედურის შემდეგ როგორც წესი, პაციენტი საავადმყოფოში რჩება და მეორე დღეს მიდის სახლში.

 

გართულებები

მთლიანობაში იკდ-ის იმპლანტაცია საკმაოდ უსაფრთხოა, თუმცა გართულებები შეიძლება მოხდეს იშვიათ შემთხვევაში.

 

პროცედურასთან დაკავშირებული გართულებებია

  • პნევმოთორაქსი (ფილტვის გახვრეტა). ხდება 1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში და შეიძლება საჭირო გახდეს პლევრის დრენაჟი (ჰაერის ამოტუმბვა)

  • გულის პერფორაცია (გახვრეტა). ესეც ხდება 1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში და ზოგჯერ შეიძლება საჭირო გახდეს პერიკარდიუმის პუნქციით (ჩხვლეტით) ჩაღვრილი სისხლის გამოღება

  • კანქვეშა ჰემატომა (განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი სისხლის “გამათხელებელ” წამლებს იღებს)

  • ინფექცია. ინფექციის რისკი დაახლოებით 1 %-ია, თუმცა საჭიროებს მთლიანი იმპლანტირებული სისტემის ამოღებას.

  • ელექტროდის გადანაცვლება, რამაც შეიძლება საჭირო გახადოს ხელახალი პროცედურა მის შესასწორებლად.

  • სიკვდილის რისკი შეადგენს 0,002 %-ს

 

მოგვიანებითი გართულებები

  • იკდ-ის ინფექცია ან ეროზია (კანიდან გარეთ გამოჭრა). იშვიათია, თუმცა ხშირად საჭიროებს მთლიანი იმპლანტირებული სისტემის ამოღებას.

  • არითმიის არასწორი დეტექცია და შეუსაბამო (არასაჭირო) ელექტრული განმუხტვები.

კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი: Inner_about
bottom of page