AV-შენაერთის პერმანენტული რეციპროკული ტაქიკარდია (კუმელის ტიპის ტაქიკარდია; PJRT)
კლინიკური გამოვლინება
ეკგ-ზე რეგულარული ვიწროკომპლექსიანი ტაქიკარდია და კარგად შესამჩნევი P კბილები, როლებიც მდებარეობენ QRS კომპლექსის გარეთ და RP ინტერვალი > PR ინტერვალზე. როგორც წესი, P კბილები უარყოფითია II, III და aVF განხრებში.
კლინიკურად მიმდინარეობენ უწყვეტი (incessant) ტაქიკარდიის სახით, რომელსაც ხშირად პაციენტი ვერც გრძნობს, ვიდრე ტაქიკარდია-დამოკიდებული მიოპათიის სიმპტომები არ ჩნდება.
ეს ტაქიკარდია ორთოდრომული ტაქიკარდიის განსაკუთრებული სახეა, რომელიც განპირობებულია ნელა გამტარი ფარული დამატებითი გზის არსებობით უხშირესად პოსტეროსეპტალურ მიდამოში.
სიძნელეები
მთავარი სიძნელე დიფერენციული დიაგნოსტიკაა (იხ. ქვემოთ).
დიფერენციული დიაგნოსტიკა
წინაგულოვანი ტაქიკარდია წინაგულთაშუა ძგიდის ქვედა ნაწილიდან: კაროტიდული სინუსის მასაჟით ან ავ-მაბლოკირებელი წამლებით თუ მივიღებთ ავ-ბლოკს, რომელიც არ წყვეტს ტაქიკარდიას, გამოირიცხება კუმელის ტიპის ტაქიკარდია.
ატიპიური ავ-კვანძოვანი რიენტრი: ამ ტაქიკარდიას ასევე ახასიათებს RP > PR და ეკგ თითქმის იდენტურია კუმელის ტიპის ტაქიკარდიისა. თუმცა კუმელის ტიპის ტაქიკარდიისგან განსხვავებით მას, როგორც წესი, უფრო მაღალი სიხშირე და პაროქსიზმული მიმდინარეობა ახასიათებს. ზუსტი დიფერენციუი დიაგნოსტიკა მხოლოდ ელექტროფიზიოლოგიური კვლევითაა შესაძლებელი.
ქვედა წინაგულოვანი რიტმი (ე.წ. კორონარული სინუსის რიტმი): ეს როგორც წესი პასიური, ჩანაცვლებითი რიტმია, რომელიც სინუსური რიტმის დაბალი სიხშირის დროს შეიძლება გაჩნდეს, თუმცა P კბილების მორფოლოგია მსგავსია კუმელის ტიპის ტაქიკარდიისა (უარყოფითი P კბილები ქვედა განხრებში). ამ რიტმის დროს სიხშირე 100-ზე ნაკლებია და სინუსური რიტმის სიხშირის გაზრდისას ეს რიტმი ქრება.
მკურნალობა
მწვავე მკურნალობა: ადენოზინი და IC ჯგუფის წამლები დროებით წყვეტენ ტაქიკარდიას (დროებით იმიტომ, რომ ხშირად ეს ტაქიკარდია მალე ისევ იწყება)
რადიკალური მკურნალობა: დამატებითი გზის აბლაცია მკურნალობის ერთადერთი რადიკალური და არჩევის მეთოდია.
ქვემოთ მოცემულია AV-შენაერთის პერმანენტული რეციპროკული ტაქიკარდიის ეკგ
