გულის რესინქრონიზაციური თერაპია
გულის რესინქრონიზაციური თერაპია
რა არის გულის უკმარისობა?
გულის უკმარისობა ეწოდება ისეთ მდგომარეობას, როდესაც გულს აღარ შეუძლია, ადექვატურად შეასრულოს ტუმბოს ფუნქცია და გადაქაჩოს სისხლი. ის შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტმა, მაღალმა არტერიულმა წნევამ, სარქველების დაზიანებამ ან სხვა პათოლოგიებმა. იმის გამო, რომ გული სისხლს კარგად ვეღარ ტუმბავს, შინაგანი ორგანოები, მათ შორის თირკმელები და ტვინი, უფრო ნაკლებ ჟანგბადს იღებენ. ამასთან ერთად, შესაძლოა ფილტვებში, ფეხებსა და სხვა ორგანოებში სითხე დაგროვდეს. სწორედ ამიტომ ახასიათებთ გულის უკმარისობიან ავადმყოფებს შეშუპებები და წონის მატება, აგრეთვე ჰაერის უკმარისობა, განსაკუთრებით ღამით.
გულის უკმარისობის შესაფასებელი ერთ-ერთი კრიტერიუმი გულის თითოეული შეკუმშვის დროს გადასროლილი სისხლის პროცენტული მაჩვენებელია. მას განდევნის ფრაქცია ეწოდება. ჯანმრთელ ადამიანებში გულის თითოეული შეკუმშვისას მასში არსებული სისხლის 50-70% გადაისროლება. გულის უკმარისობიან ავადმყოფებში კი ეს მაჩვენებელი ხშირად 40%-ზე დაბალია.
გულის უკმარისობის სიმპტომები
-
ჰაერის უკმარისობა
-
ფეხების შეშუპება
-
ქრონიკული დაღლილობა
-
ღამით ძილის გაძნელება ჰაერის უკმარისობის გამო
-
შეშუპებული ან რბილი მუცელი და უმადობა
-
ხველა ქაფიანი ნახველით
-
ღამით ხშირი შარდვა
-
კონცენტრაციის და მახსოვრობის დაქვეითება
რა არის გულის რესინქრონიზაციური თერაპია?
გულის უკმარისობის მქონე ზოგიერთ ავადმყოფში გულის ქვედა კამერები ერთდროულად არ იკუმშება, რის გამოც გულს უფრო უჭირს მუშაობა. გულის რესინქრონიზაციურ თერაპიას ასეთი ავადმყოფების დახმარება შეუძლია.
რესინქრონიზაციური თერაპიის დროს სუსტი ელექტრული იმპულსები გულის როგორც მარჯვენა, ისე მარცხენა პარკუჭს მიეწოდება. უშუალოდ აპარატი მკერდის კანქვეშ თავსდება და სამ ელექტროდს უერთდება, რომლებიც ვენის გავლით გულის სხვადასხვა კამერებში თავსდება.
არსებობს ორი სახის რესინქრონიზაციური სისტემა:
-
ერთი სახის თერაპიით - ახდენს მხოლოდ რესინქრონიზაციურ თერაპიას
-
კომბინირებული თერაპიით - რესინქრონიზაციურ თერაპიასთან ერთად შეუძლია პარკუჭოვანი ტაქიარითმიების მკურნალობა
გულის რესინქრონიზაციურ თერაპიას შეუძლია მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს გულის უკმარისობიანი ავადმყოფების ცხოვრების ხარისხი, მაგრამ ის მედიკამენტური თერაპიის ალტერნატივა არ არის. რეკომენდირებულია, რომ პაციენტებმა, რომლებიც რესინქრონიზაციურ თერაპიას იღებენ, ასევე გააგრძელონ ექიმის მიერ შერჩეული მედიკამენტური მკურნალობა.
რა დადებითი შედეგი მოაქვს რესინქრონიზაციას?
რესინქრონიზაციური თერაპიის დადებითი შედეგები შემდეგია:
-
ფიზიკური დატვირთვისადმი ტოლერანტობის გაზრდა
-
გულის უკმარისობის სიმპტომების შემცირება
-
ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება
ყველა პაციენტი ერთნაირად არ რეაგირებს რესინქრონიზაციურ თერაპიაზე და დადებითი ეფექტიც მეტ-ნაკლები ხარისხითაა გამოხატული, მაგრამ კვლევებით ნაჩვენები იქნა, რომ რესინქრონიზაციური თერაპია ამცირებს გულის უკმარისობის მქონე ავადმყოფის საავადმყოფოში მოხვედრის ალბათობას. მას აგრეთვე გულის პათოლოგიურად შეცვლილი ფორმის ნაწილობრივ გამოსწორებაც შეუძლია.
ვინ არის რესინქრონიზაციური თერაპიის კანდიდატი?
რესინქრონიზაციური თერაპიის კანდიდატები არიან პაციენტები გულის ზომიერი ან მძიმე უკმარისობით, რომელთა სიმპტომების გაუმჯობესება არ ხერხდება წამლებითა და ცხოვრების წესის შეცვლით.
უფრო კონკრეტული რეკომენდაციები შემდეგია:
-
გულის უკმარისობის III ან IV ფუნქციური კლასი (ნიუ-იორკის გულის ასოციაციის კლასიფიკაციის მიხედვით, იხ. ქვემოთ)
-
დაქვეითებული განდევნის ფრაქცია (≤ 35%) - განდევნის ფრაქციის დადგენა მარტივად ხდება ექოკარდიოსკოპიით
-
პარკუჭთა მექანიკური ასინქრონია
-
როდესაც პარკუჭები არაკოორდინირებულად იკუმშება
-
გულის უკმარისობის ფუნქციური კლასიფიკაცია ნიუ-იორკის გულის ასოციაციის მიხედვით:
-
კლასი I
-
სიმპტომები არ არის
-
ჩვეული ფიზიკური აქტივობა არ იზღუდება
-
-
კლასი II
-
მსუბუქი სიმპტომები
-
მსუბუქი შეზღუდვა ჩვეული ფიზიკური აქტივობისას
-
მოსვენებისას პაციენტი თავს კარგად გრძნობს
-
-
კლასი III
-
სიმპტომების გამო ჩვეულზე ნაკლები ფიზიკური აქტივობაც კი იზღუდება
-
პაცენტი თავს კარგად მხოლოდ მოსვენებისას გრძნობს
-
-
კლასი IV
-
ნებისმიერი ფიზიკური აქტივობა შეზღუდულია
-
სიმპტომები მოსვენების დროსაც გამოხატულია
-
როგორ ხდება რესინქრონიზატორის იმპლანტაცია?
რესინქრონიზატორის იმპლანტაცია ადგილობრივი ანესთეზიით ხდება. ექიმი მკერდის ზედა ნაწილში მცირე განაკვეთს გააკეთებს და სამ ელექტროდს ვენის გავლით გულში მოათავსებს. ერთი ელექტროდი მარჯვენა წინაგულში, მეორე - მარჯვენა პარკუჭში, ხოლო მესამე მარცხენა პარკუჭთან მოთავსდება. უშუალოდ აპარატი (რესინქრონიზატორი) მკერდის კანქვეშ თავსდება და ელექტროდებს უერთდება. ჩვეულებრივ, პაციენტი სახლში პროცედურიდან მეორე დღეს მიდის.