top of page

წინაგულთა ატიპიური თრთოლვა

კლინიკური გამოვლინება

ნებისმიერ წინაგულოვან მაკრორიენტრულ ტაქიკარდიას, რომელიც არ არის დამოკიდებული კავო-ტრიკუსპიდურ ისთმუსზე, ეწოდება ატიპიური თრთოლვა. კლინიკური დიაგნოზი მხოლოდ სავარაუდო დიაგნოზია და ეყრდნობა:

  • ეკგ-ს, სადაც ფიქსირდება რეგულარული წინაგულოვანი აქტივობა 250-350/წთ სიხშირით და ტიპიური თრთოლვისგან განსხვავებული მორფოლოგიით.

  • ძირითადად ემართება პაციენტებს მიტრალური სარქვლის პათოლოგიით, წინაგულთა ფიბრილაციის აბლაციის შემდეგ ან ნებისმიერი კარდიოქირურგიული ოპერაციის შემდეგ. არც ისე იშვიათად ერთსა და იმავე პაციენტს აგრეთვე შეიძლება აღენიშნებოდეს წინაგულთა ფიბრილაცია და ტიპიური თრთოლვაც კი. ატიპიური თრთოლვისადმი ტოლერანტობა საკმაოდ დაბალია და როგორც წესი, პაციენტები სიმპტომური არიან.


სიძნელეები

  • ეკგ მხოლოდ საორიენტაციო ინფორმაციას იძლევა და ტიპიურ და ატიპიურ თრთოლვას შორის დიფერენცირება შეუძლებელია მხოლოდ ეკგ-ზე დაყრდნობით.

  • ზოგიერთი წამლის ფონზე წინაგულოვანი სიხშირე შეიძლება მნიშვნელოვნად შემცირდეს, რამაც შეიძლება წინაგულოვან ტაქიკარდიაზე გვაფიქრებინოს.


დიფერენციული დიაგნოსტიკა

  • წინაგულთა შებრუნებული ტიპიური თრთოლვა: მორფოლოგია შეიძლება იდენტური იყოს. ტიპიური თრთოლვის სასარგებლოდ მეტყველებს წინაგულთა სიხშირე 300/წთ და მიტრალური სარქვლის პათოლოგიის ან ანამნეზში კარდიოქირურგიული ჩარევის არარსებობა, თუმცა ზუსტი დიფერენციული დიაგნოსტიკა მხოლოდ ელექტროფიზიოლოგიური კვლევითაა შესაძლებელი.

  • წინაგულოვანი ტაქიკარდია (არა მაკრორიენტრული). როგორც წესი, წინაგულთა სიხშირე ნაკლებია.


შეფასება და მკურნალობა

ანამნეზი, ფიზიკური გასინჯვა, გულმკერდის რენტგენოგრაფია, ლაბორატორიული ანალიზები და ექოკარდიოგრაფია. თუ იგეგმება აბლაცია, სასარგებლოა მაგნიტურ-რეზონანსული ან კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარება წინაგულთა ანატომიის ზუსტი სურათის მისაღებად. შესაძლებელია აგრეთვე ტრანსეზოფაგური ექოკარდიოგრაფიის ჩატარება.

  • არითმიის სუპრესია:

    • ელექტრული ან ფარმაკოლოგიური კარდიოვერსია იმავე სქემით, როგორც წინაგულთა ფიბრილაციის შემთხვევაში.

    • რიენტრის წრედის აბლაცია არჩევის მეთოდია, თუმცა მხოლოდ მცირე რაოდენობის ცენტრებში ტარდება, რადგან მოითხოვს როგორც დიდ პროფესიულ კვალიფიკაციას, ასევე სპეციალურ მაღალტექნოლოგიურ აპარატურას.

  • პროფილაქტიკური მკურნალობა: ავ-მაბლოკირებელი საშუალებები და ანტიკოაგულაცია თრომბოემბოლიური გართულებების თავიდან ასაცილებლად. იმ პაციენტებში, რომლებშიც არ ხერხდება არითმიის სუპრესია, შესაძლებელია ჩატარდეს ავ-კვანძის აბლაცია შემდგომი პეისმეკერის იმპლანტაციით.

ქვემოთ მოცემულია წინაგულთა ატიპიური თრთოლვის ეკგ.

Screenshot 2018-07-05 18.11.45.png
წინაგულთა ატიპიური თრთოლვა: Inner_about
bottom of page