წინაგულთა ტიპიური თრთოლვა (საათის ისრის საწინააღმდეგო)
კლინიკური გამოვლინება
კლინიკურ პრაქტიკაში თრთოლვის ყველაზე ხშირი ფორმაა (60-65%). რეგულარული წინაგულოვანი ტაქიკარდიაა წინაგულების სიხშირით დაახლოებით 300/წთ. ეკგ-ზე წინაგულოვანი აქტივობა ვლინდება დამახასიათებელი “ხერხისებრი” F ტალღებით იზოელექტრული ხაზის გარეშე. II, III და aVF განხრებში F ტალღებს ძალიან დამახასიათებელი ფორმა აქვს და საწყისი პოზიტიური და მომდევნო ნეგატიური კომპონენტისგან შედგება. პარკუჭოვანი პასუხი ვარიაბელურია (ყველაზე ხშირია 2:1 გატარება, თუმცა შეიძლება შეგვხვდეს 3:1, 4:1 ან 1:1)
სიძნელეები
2:1 გატარებამ შეიძლება გააძნელოს თრთოლვის ტიპიური ტალღების დანახვა. თუმცა როდესაც პარკუჭთა სიხშირე დაახლოებით 150-ია წუთში, ყოველთვის უნდა განვიხილოთ თრთოლვის შესაძლებლობა. ავ-ბლოკადა (კაროტიდული სინუსის მასაჟით, ადენოზინით, ვალსავლას მანევრით) დაგვეხმარება დიაგნოზის დადასტურებაში.
1:1 გატარებამ (სიმპათიკური ტონუსის, IC ჯგუფის ანტიარითმული წამლების შედეგად) პოტენციურად ლეტალური შედეგიც შეიძლება გამოიწვიოს. ამიტომ საჭიროა ავ-გატარების შეფერხებაც. არასტაბილურ სიტუაციებში საჭიროა დაუყოვნებელი კარდიოვერსია.
ეკგ-ზე ტიპიური თრთოლვის სურათი შეიძლება არატიპიური თრთოლვის დროსაც შეგვხვდეს, როდესაც თრთოლვის წრედი არ მოიცავს კავო-ტრიკუსპიდურ ისთმუსს (მაგ. წინაგულოვანი მაკრორიენტრი ნაწიბურის ირგვლივ). ასეთ შემთხვევაში ზუსტი დიაგნოზი მხოლოდ ელექტროფიზიოლოგიური კვლევითაა შესაძლებელი. ამიტომ ეკგ-ზე ტიპიური სურათი მაღალი ალბათობით მიუთითებს ტიპიურ თრთოლვაზე, თუმცა არა 100%-ით.
დიფერენციული დიაგნოსტიკა
წინაგულოვანი ტაქიკარდია: შესაძლოა P კბილები თრთოლვის ტალღების მსგავსი მორფოლოგიის იყოს, თუმცა ძირითადად მათი სიხშირე 250-ზე ნაკლებია წუთში და ამასთანავე მათ შორის არსებობს იზოელექტრული ინტერვალი.
წინაგულოვანი მაკრორიენტრი ატრიოტომიური ნაწიბურის ირგვლივ. ეს ატიპიური თრთოლვის ერთ-ერთი სახეა. კარდიოქირურგიული ოპერაციის შემდეგ დარჩენილი ატრიოტომიური ნაწიბური ქმნის წინაგულოვანი მაკრორიენტრისთვის პირობებს. მართალია, ეკგ ხშირად ატიპიური თრთოლვის სურათს ავლენს, ზოგ შემთხვევაში ეკგ-მორფოლოგია ტიპიური თრთოლვის მსგავსიც შეიძლება იყოს. დიაგნოზის დასმა მხოლოდ ელექტროფიზიოლოგიური კვლევითაა შესაძლებელი.
მკურნალობა
შეტევის კუპირება:
არასტაბილური ჰემოდინამიკა: სინქრონიზებული კარდიოვერსია.
სტაბილური ჰემოდინამიკა: შეფასდეს არითმიის ხანგრძლივობა
< 48 სთ: ელექტრული ან ფარმაკოლოგიური (III ან IC ჯგუფი) კარდიოვერსია
> 48 სთ: ანტიკოაგულაცია და პარკუჭთა სიხშირის კონტროლი (ბეტა-ბლოკერები, ვერაპამილი, დილთიაზემი, დიგოქსინი). განვიხილოთ გეგმიური კარდიოვერსია
პროფილაქტიკური მკურნალობა: პირველი ეპიზოდის შემთხვევაში, კარდიოვერსიის შემდეგ დაახლოებით 50%-ში რეციდივი აღარ არის. რეციდივის შემთხვევაში ნაჩვენებია კათეტერული აბლაცია
ქვემოთ მოცემულია ტიპიური თრთოლვის (საათის ისრის საწინააღმდეგო) ეკგ.