არამდგრადი პარკუჭოვანი ტაქიკარდია
კლინიკური გამოვლინება
ეკგ-ზე სამი ან მეტი მიმდევრობითი პარკუჭოვანი კომპლექსის გარბენი სიხშირით 100-ზე მეტი წუთში, რომელიც სპონტანურად წყდება 30 წმ-ის განმავლობაში.
QRS-კომპლექსების მორფოლოგიის მიხედვით განირჩევა მონომორფული (თუ კომპლექსების მორფოლოგია ერთნაირია) და პოლიმორფული (თუ კომპლექსების მორფოლოგია ცვალებადობს) არამდგრადი პარკუჭოვანი ტაქიკარდია.
შეიძლება ასიმპტომური იყოს, თუმცა შეიძლება გულის ფრიალით, საერთო სისუსტით ან პრესინკოპეთი გამოვლინდეს.
სიძნელეები
მისი გარჩევა აბერაციით ან პრეეგზიტაციით მიმდინარე სუპრავენტრიკულური ტაქიკარდიისგან.
დიფერენციული დიაგნოსტიკა
სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია აბერაციით. ავ-დისოციაცია პარკუჭოვანი ტაქიკარდიის დროს დაგვეხმარება დიფერენცირებაში.
არამდგრადი პარკუჭოვანი ტაქიკარდიის შემთხვევაში საჭიროა საფუძვლიანი გამოკვლევა გულის სტრუქტურული პათოლოგიის არსებობაზე (გადატანილი ინფარქტი, მარცხენა პარკუჭის დისფუნქცია, ჰიპერტროფიული ან დილატაციური კარდიომიოპათია).
მიდგომა
პაციენტები გულის სტრუქტურული პათოლოგიის გარეშე: ასიმპტომურ პაციენტებში სპეციფიური ანტიარითმული მკურნალობა საჭირო არი არის, პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს კოფეინის, ალკოჰოლის და თამბაქოს გამოყენებისგან. სიმპტომურ პაციენტებში შესაძლებელია ბეტა-ბლოკერების ან ვერაპამილის გამოყენება. შესაძლებელია აგრეთვე იდიოპათიური პარკუჭოვანი ტაქიკარდიის კათეტერული აბლაციის ჩატარება.
პაციენტები გულის სტრუქტურული პათოლოგიით შესაძლებელია უეცარი სიკვდილის მომატებული რისკის მარკერი იყოს.
იშემიური კარდიოპათია: გადატანილი ინფარქტის და მარცხენა პარკუჭის დისფუნქციის შემთხვევაში (EF<40%), უნდა ჩატარდეს ელექტროფიზიოლოგიური კვლევა და მდგრადი პარკუჭოვანი ტაქიკარდიის გამოწვევის შემთხვევაში საჭიროა კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაცია.
დილატაციური კარდიომიოპათია: პაციენტები გულის უკმარისობის II ან III კლასით (NYHA) და განდევნის ფრაქციით 35%-ის ქვემოთ, რომლებიც იმყოფებიან ოპტიმალურ მედიკამენტურ თერაპიაზე, საჭიროებენ კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაციას (თუ ასინქრონიაც არის, მაშინ რესინქრონიზატორთან ერთად)
ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია: არამდგრადი პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მქონე ამ პაციენტებში საჭიროა რისკის განსაზღვრა. პაციენტები, რომლებსაც ორი ან მეტი დიდი რისკის ფაქტორი აქვთ (უეცარი სიკვდილის ოჯახური ანამნეზი, რეკურენტული სინკოპე, გასავალი ტრაქტის ობსტრუქცია, მნიშვნელოვანი ჰიპერტროფია), საჭიროებენ კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის იმპლანტაციას.
ქვემოთ მოცემულია არამდგრადი პარკუჭოვანი ტაქიკარდიის ეკგ.