top of page
  • Writer's pictureGiorgi Papiashvili

არითმული შტორმის აბლაცია

არითმული შტორმი ეწოდება მდგომარეობას, როდესაც დროის მოკლე მონაკვეთში, როგორც წესი ერთი დღის განმავლობაში პაციენტს პარკუჭოვანი ტაქიკარდიის რამდენიმე ეპიზოდი ემართება. ეს პოტენციურად სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და უმეტესად ვითარდება იშემიური ან არაიშემიური კარდიომიოპათიის ან გენეტიკური არითმოგენური პათოლოგიის ფონზე. ამ დაავადებების გამო ხშირად ასეთ პაციენტს უკვე იმპლანტირებული აქვს ხოლმე კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი და არითმული შტორმის შემთხვევაში აპარატი ახორციელებს მრავლობით ელექტრულ "შოკს", რაც ასევე დიდი სტრესია პაციენტისთვის.

არითმული შტორმი საკმაოდ რთული სამართავია. არც ისე იშვიათია, როდესაც ის არ ემორჩილება მედიკამენტურ თერაპიას. ხშირად ასეთ შემთხვევაში მიმართავენ ავტონომიურ მოდულაციას, მაგ. სიმპათიკური განგლიის ბლოკადას ან ზოგად ანესთეზიას, თუმცა შესაძლოა არც ეს იყოს ეფექტური და ასეთ დროს ტარდება სასწრაფო კათეტერული აბლაცია. არითმული შტორმის დროს კათეტერული აბლაცია რთული და რისკის შემცველი ჩარევაა, თუმცა ზოგჯერ ის რჩება ერთადერთ გადამრჩენ საშუალებად.

წარმოგიდგენთ არითმული შტორმის დროს ჩატარებულ ჩვენი ერთ-ერთი კათეტერული აბლაციის შემთხვევას.

პაციენტი 56 წლის მამაკაცი გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტით, აორტო-კორონარული შუნტირებით და იშემიური კარდიომიოპათიით. იმპლანტირებული აქვს კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი. ბოლო დღეების განმავლობაში აღენიშნა მდგრადი პარკუჭოვანი ტაქიკარდიის მრავლობითი ეპიზოდი, რის გამოც მისი იმპლანტირებული კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის მიერ განხორციელებულია მრავალი განმუხტვა (ელექტრული შოკი). მედიკამენტურ მკურნალობას არითმია არ დაემორჩილა. და სასწრაფო კათეტერული აბლაციის მიზნით პაციენტი გადმოყვანილ იქნა ჩვენს კლინიკაში.

პაციენტს ექოკარდიოგრაფიულად აღენიშნებოდა მკვეთრად დაქვეითებული კუმშვადობა. მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქცია შეადგენდა 19%-ს. პაციენტი კათეტერულ აბლაციაზე შეყვანილ იქნა ზოგადი ანესთეზიის ფონზე. მიდგომა განხორციელდა მარჯვენა ბარძაყის ვენიდან, ტრანსსეპტალური პუნქციის მეშვეობით, მარცხენა წინაგულის და მიტრალური სარქვლის გავლით.


ფოტოზე მოცემულია ფლუროსკოპიული სურათი, სადაც ჩანს კათეტერების განლაგება გულში აბლაციის დროს. ჩანს აგრეთვე იმპლანტირებული კარდიოვერტერ-დეფიბრილატორის ელექტროდები.შესაძლებელია გაარჩიოთ მულტიპოლარული სადიაგნოსტიკო კათეტერი Advisor HD Grid, რომელიც მისი განსაკუთრებული, ომნიპოლარული ტექნოლოგიის წყალობით საშუალებას იძლევა, დავინახოთ ისეთი ელექტრული აქტივობაც კი, რომელიც სხვა, ტრადიციული კათეტერებით შესაძლოა გამორჩენილ იქნას.


ფოტოზე ხედავთ Advisor HD Grid კათეტერს, რომელსაც კომპანია Abbott აწარმოებს.




სამგანზომილებიანი ელექტროანატომიური კარტირებისა და ნავიგაციის სისტემის Ensite Precision საშუალებით აიგო მარცხენა პარკუჭის ელექტროანატომიური რუკა და განისაზღვრა პოსტინფარქტული ნაწიბურის არე. ნანახი იქნა პოსტინფარქტული ნაწიბური პარკუჭთაშუა ძგიდის და მწვერვალის არეში. აღნიშნულ არეში განისაზღვრა გვიანი პოტენციალები, ნელი გატარების ზონები და ამის შემდეგ ადვილად იქნა გამოწვეული პარკუჭოვანი ტაქიკარდია და ჩატარდა პარკუჭოვანი ტაქიკარდიის აქტივაციური კარტირება.


სურათზე მოცემულია მარცხენა პარკუჭის ელექტროანატომიური რუკა ინდუცირებული პარკუჭოვანი ტაქიკარდიის პირობებში, სადაც პარკუჭთაშუა ძგიდის არეში კარგად ჩანს ე.წ. "დაცული ისთმუსი" ანუ ნელი გატარების დიასტოლური ზონა. ისრებით მითითებულია აქტივაციის მიმართულება ტაქიკარდიის დროს. ქვემოთ უკვე ანიმაციის სახით მოცემულია აქტივაცია პარკუჭოვანი ტაქიკარდიის დროს.


ანიმაციაზე კარგად ჩანს რვიანის ფორმის აქტივაცია პარკუჭოვანი ტაქიკარდიის დროს. ე.წ. "დაცული ისთმუსის" არეში ფიქსირდებოდა კარგად გამოხატული დიასტოლური პოტენციალები. (იხ. ქვემოთ)


ფოტოზე ხედავთ დიასტოლურ პოტენციალებს, რომლებიც გამოვლინდა ტაქიკარდიის "ისთმუსის" არეში.

ამ არეში განხორციელებულ აბლაციას (რადიოსიხშირის აპლიკაციას) მოყვა ტაქიკარდიის შენელება და შეწყვეტა, რაც მოცემულია ქვემოთ ვიდეოზე.


ქვემოთ მოცემულია აგრეთე ტაქიკარდიის შეწყვეტის მომენტი აბლაციის დროს.


პარკუჭოვანი ტაქიკარდიის შეწყვეტის შემდეგ რადიოსიხშირის აპლიკაციები გაგრძელდა ტაქიკარდიის "ისთმუსის" არეში და აგრეთვე გვიანი პოტენციალების მთელ ზონაში, რის შემდეგაც პროგრამული სტიმულაციით პარკუჭოვანი ტაქიკარდიის გამოწვევა გახდა შეუძლებელი.





136 views0 comments
bottom of page