top of page

არითმიის დიაგნოსტიკის მეთოდები

როგორ ხდება არითმიის დიაგნოსტიკა?

თუ თქვენ არითმიის სიმპტომები გაწუხებთ, კარდიოლოგს უნდა მიმართოთ. შესაძლებელია პირდაპირ არითმიის სპეციალისტს - არითმოლოგს მიმართოთ, რომლის უშუალო სპეციალობა გულის რიტმის დარღვევების მკურნალობაა. თქვენი სიმპტომების შეფასებისა და ფიზიკური გასინჯვის შემდეგ, ექიმმა შეიძლება რამდენიმე გამოკვლევა დაგინიშნოთ თქვენი არითმიის ზუსტი დიაგნოსტიკისთვის.

გამოკვლევები, რომლებიც გამოიყენება არითმიის დიაგნოსტიკისთვის, შემდეგია:

  • ელექტროკარდიოგრაფია - ეს არის გამოკვლევის მეთოდი, როდესაც სხეულის ზედაპირიდან (კიდურებიდან და გულმკერდის წინა ზედაპირიდან) სპეციალური ელექტროდების საშუალებით ხდება გულის ელექტრული აქტივობის ჩაწერა.

  • ამბულატორიული ეკგ მონიტორირება - აქ ერთიანდება გამოკვლევის მეთოდები, როდესაც გულის ელექტრული აქტივობის ჩაწერა უფრო ხანგრძლივი დროის მანძილზე ხდება ადამიანის ჩვეულ გარემოში.

    • ჰოლტერის მონიტორინგი - მცირე ზომის პორტატული ჩამწერი სხეულის ზედაპირიდან იწერს უწყვეტ ელექტროკარდიოგრამას 24-48 საათის განმავლობაში.

    • Event-მონიტორი - ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა სხეულის ზედაპირიდან უფრო ხანგრძლივი დროით (რამდენიმე დღით ან კვირითაც) ხდება და პაციენტს შეუძლია თვითონ გაააქტივოს ჩამწერი, როდესაც სიმპტომებს იგრძნობს.

    • იმპლანტირებადი მარყუჟოვანი ჩამწერი - მცირე ზომის ჩამწერი აპარატი გულმკერდის წინა ზედაპირზე კანქვეშ ინერგება და 2-3 წლის განმავლობაში შეუძლია ელექტროკარდიოგრამის ჩაწერა. პაციენტს შეუძლია თვითონ გაააქტივოს აპარატი და მონიშნოს ეპიზოდი, როდესაც სიმპტომებს იგრძნობს.

  • დატვირთვის ტესტი - ეს გამოკვლევა გამოიყენება ისეთი არითმიის გამოწვევისა და დიაგნოსტიკისთვის, რომლებიც ფიზიკურ დატვირთვაზე აღმოცენდება. ამ გამოკვლევით აგრეთვე შეიძლება იმის დადგენა, უკავშირდება თუ არა არითმია გულის კორონარული არტერიების დაავადებას.

  • ექოკარდიოგრაფია - ამ გამოკვლევით შეიძლება დადგინდეს, არითმიის მიზეზი გულის კუნთის ან სარქვლის დაავადება ხომ არ არის.

  • კორონარული არტერიოგრაფია (კორონაროგრაფია) - ამ გამოკვლევის საშუალებით დგინდება გულის მკვებავი (კორონარული) არტერიების მდგომარეობა და შესაძლებელია დავადგინოთ, უკავშირდება თუ არა არითმია გულის მკვებავი არტერიების დაავადებას.

  • ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევა - ვენის გავლით გულში რამდენიმე კათეტერი თავსდება, რომლებიც გულის შიგნიდან იწერენ მის ელექტრულ აქტივობას და ზუსტ ინფორმაციას იძლევიან გულის ელექტრული სისტემის ფუნქციონირების შესახებ. ამავე კათეტერების საშუალებით შეიძლება მცირე ხნით ხელოვნურად იქნას გამოწვეული არითმია მის უკეთ შესასწავლად.

  • Tilt-მაგიდის ტესტი - ტესტი გამოიყენება ”გულის წასვლის” მიზეზის დასადგენად. გამოკვლევის დროს პაციენტი სპეციალურ მაგიდაზე თავსდება, რომელიც შეიძლება გარკვეული კუთხით წამოიწიოს (60-70°). ამ დროს უწყვეტად იზომება პაციენტის არტერიული წნევა და კონტროლდება გულის რიტმი, რათა ”გულის წასვლის” სიმპტომების გაჩენისას შეფასდეს, რა მოსდის გულის რიტმს და სისხლის წნევას.

ექიმმა შეიძლება რომელიმე სხვა ინსტრუმენტული გამოკვლევაც დაგინიშნოთ თქვენი მდგომარეობის შესაბამისად.

არითმიის დიაგნოსტიკა: Inner_about
bottom of page