წინაგულთა ფიბრილაცია და WPW-სინდრომი
კლინიკური გამოვლინება
ეკგ-ზე ჩანს ფართოკომპლექსიანი არარეგულარული ტაქიკარდია მაღალი სიხშირით (შეიძლება 250-ზე მეტიც იყოს წუთში) რაიმე ორგანიზებული წინაგულოვანი აქტივობის გარეშე და ძალიან გამოხატული დელტა ტალღებით.
ზოგიერთი QRS კომპლექსი შეიძლება ნორმალური (ვიწრო) იყოს, რადგან არ იყოს გატარებული დამატებითი გზით ან შედარებით ვიწრო იყოს სხვა კომპლექსებთან (შერწყმული კომპლექსი).
ზოგადი მდგომარეობა როგორც წესი, მძიმეა, გამოხატულია ქოშინი, ჰიპოტენზია, გულის ძლიერი ფრიალი. ეს ყველაზე სახიფათო არითმიაა დამატებითი გზის მქონე პაციენტებში და გადაუდებელ მდგომარეობად უნდა ჩაითვალოს.
სიძნელეები
ეკგ-ზე ფართოკომპლექსიანი, სწრაფი და არარეგულარული ტაქიკარდია საკმაოდ იშვიათად გვხვდება, რამაც გამოუცდელი ექიმი შეიძლება დააბნიოს. ამიტომ არარეგულარული ფართოკომპლექსიანი ტაქიკარდიის დროს ყოველთვის უნდა ვიეჭვოთ წინაგულთა ფიბრილაცია + WPW და აქედან გამომდინარე გავატაროთ დიფერენციული დიაგნოსტიკა.
შეიძლება დასაწყისში პარკუჭების სიხშირე ძალიან მაღალი არ იყოს, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ იძლევა. სიმპათიკური ტონუსის მომატებამ ან არაადექვატურმა მკურნალობამ შეიძლება სწრაფად გამოიწვიონ პარკუჭების სიხშირის მატება და პარკუჭთა ფიბრილაციის ინდუცირება.
დიფერენციული დიაგნოსტიკა
წინაგულთა ფიბრილაცია და ფეხის ბლოკადა (ადრე არსებული ან სიხშირედამოკიდებული). ამ შემთხვევაში დელტა ტალღები არ არის და QRSკომპლექსების მორფოლოგიაც ტიპიურია ჰისის კონის ამა თუ იმ ფეხის ბლოკადისთვის.
ხშირი წინაგულოვანი ექსტრასისტოლია, გატარებული დამატებითი გზით. შესაძლებელია P კბილების გარჩევა ეკგ-ზე.
პოლიმორფული პარკუჭოვანი ტაქიკარდია. ძალიან იშვიათია. QRS კომპლექსების ღერძი მნიშვნელოვნად ცვალებადობს. ხშირად პირველივე სიმპტომი სინკოპე ან cardiac arrest-ია.
მკურნალობა
შეტევის კუპირება:
თუ ჰემოდინამიკა დარღვეულია, სედაცია და კარდიოვერსია. სტაბილური ჰემოდინამიკის პირობებში ფლეკაინიდი ან პროკაინამიდი.
უკუნაჩვენებია: ვერაპამილი, დიგოქსინი, ადენოზინი და ატფ.
პროფილაქტიკური მკურნალობა: პაციენტის ჰოსპიტალიზაცია და კათეტერული აბლაცია.
ქვემოთ მოცემულ ეკგ-ზე ნაჩვენებია პრეეგზიტირებული წინაგულთა ფიბრილაცია (დამატებითი გზით გატარებული)