top of page
Medical stethoscope and red heart with c

რა არის არითმია

რა არის არითმია?

არითმია ზოგადი სახელია და ეწოდება გულისცემის ნორმალური სიხშირის და/ან რეგულარობის ნებისმიერი სახის დარღვევას. არითმიებს ორ ძირითად ჯგუფად ყოფენ: ბრადიარითმიებად და ტაქიარითმიებად. ბრადიარითმია ეწოდება ისეთ არითმიას, რომლის დროსაც გულისცემის სიხშირე წუთში 60-ზე დაბალია, ხოლოტაქიარითმია ისეთი არითმიაა, როდესაც გულისცემის სიხშირე წუთში 100-ს აჭარბებს.

არითმიები აგრეთვე მათი წარმოშობის ადგილის მიხედვითაც იყოფიან სუპრავენტრიკულურ და პარკუჭოვან არითმიებად.

სუპრავენტრიკულური (”სუპრა” - ზედა, ”ვენტრიკულური” - პარკუჭთან დაკავშირებული) ეწოდებათ არითმიებს, რომლებიც გულის ზედა კამერებში წარმოიქმნება, რომლებიც პარკუჭების ზემოთ მდებარეობს.

 

სუპრავენტრიკულური არითმიების რამდენიმე სახე არსებობს:

  • წინაგულოვანი ექსტრასისტოლური არითმია - ზედმეტი (ექსტრა) დარტყმები, რომლებიც გულის ზედა კამერებში -წინაგულებში წარმოიქმნება.

  • პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია - სწრაფი, რეგულარული რიტმი, რომელიც წინაგულებიდან მოდის. როგორც წესი, ამ ტაქიკარდიას უეცარი დასაწყისი და დასასრული ახასიათებს.

  • დამატებითი გზის მონაწილეობით მიმდინარე ტაქიკარდია (მაგ. WPW-სინდრომი) - ტაქიკარდია, რომელიც გამოწვეულია დამატებითი ელექტრული გამტარი გზის არსებობით წინაგულებსა და პარკუჭებს შორის. ელექტრული იმპულსი ნორმალურ გამტარ სისტემასთან ერთად ამ დამატებითი გზითაც მოძრაობს, რაც ზოგჯერ ამ ორ სისტემას შორის იმპულსის სწრაფ ცირკულაციას და ტაქიკარდიის აღმოცენებას იწვევს.

  • ავ-კვანძოვანი რიენტრი ტაქიკარდია - ტაქიკარდია, რომელიც გამოწვეულია ავ-კვანძში ერთზე მეტი გამტარი გზის არსებობით, რაც ასევე იმპულსის ცირკულაციას განაპირობებს.

  • წინაგულოვანი ტაქიკარდია - სწრაფი რიტმი, რომელიც გულის ზედა კამერების - წინაგულების რომელიმე ადგილიდან მოდის.

  • წინაგულთა ფიბრილაცია, რომელსაც ასევე ”მოციმციმე არითმიასაც” უწოდებენ - არარეგულარული რიტმი, როდესაც წინაგულებში ძალიან ბევრი ელექტრული იმპულსის წარმოქმნა ხდება, რომლებიც ქაოსურად მიისწრაფიან ავ-კვანძის გავლით პარკუჭებისკენ. ავ-კვანძი ყველა იმპულსის გატარებას ვერ უმკლავდება, რის შედეგადაც პარკუჭების რიტმი არარეგულარულია და რაიმე კანონზომიერებას არ ემორჩილება. გარდა ამისა, წინაგულებში ძალიან ხშირი ელექტრული იმპულსების არსებობის გამო გულის ზედა კამერები კარგავენ კოორდინირებული შეკუმშვის უნარს.

  • წინაგულთა თრთოლვა - წინაგულოვანი არითმია, რომელიც გამოწვეულია ერთი ან რამდენიმე ელექტრული წრედის არსებობით წინაგულებში. წინაგულთა თრთოლვა ჩვეულებრივ უფრო ორგანიზებული და რეგულარული რიტმია, ვიდრე წინაგულთა ფიბრილაცია.

 

პარკუჭოვანი არითმიები - არითმიები, რომლებიც გულის ქვედა კამერებში - პარკუჭებში წარმოიქმნება.

  • პარკუჭოვანი ექსტრასისტოლური არითმია - ნაადრევი, დამატებითი დარტყმები, რომლებიც პარკუჭებში წარმოიქმნება. პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია საკმაოდ ხშირია. უმეტესად ისინი სიმპტომებს არ იწვევენ და მკურნალობაც არ სჭირდებათ. ზოგჯერ ისინი სტრესის ფონზე, კოფეინის ან ნიკოტინის ჭარბი მოხმარებისას ვითარდება, თუმცა ხანდახან გულის დაავადების ან ელექტროლიტების დისბალანსის გამოც შეიძლება წარმოიშვას. თუ თქვენ ხშირი ექსტრასისტოლები გაქვთ, რომლებიც შემაწუხებელ სიმპტომებს იწვევენ, კარდიოლოგს უნდა მიაკითხოთ.

  • პარკუჭოვანი ტაქიკარდია - სწრაფი არითმია, რომელიც პარკუჭებიდან მოდის. ეს არითმია შეიძლება საკმაოდ საშიში იყოს, განსაკუთრებით გულის დაავადების მქონე პირებში და შეიძლება უეცარი სიკვდილის მიზეზიც გახდეს. აუცილებელია კარდიოლოგის მიერ ამ არითმიის მიზეზის ზუსტი დადგენა და მკურნალობა.

  • პარკუჭთა ფიბრილაცია - პარკუჭების ქაოტური, არაორგანიზებული ელექტრული აქტივობა, რის გამოც პარკუჭები კარგავენ კოორდინირებული შეკუმშვის უნარს. ეს არითმია პრაქტიკულად გულის გაჩერების ტოლფასია და დაუყოვნებელი ჩარევის გარეშე ადამიანის სიკვდილს იწვევს.

 

ბრადიარითმიები - გულისცემის გაიშვიათება, რომელიც შეიძლება გულის გამტარი სისტემის დაავადებით იყოს გამოწვეული.

  • სინუსის კვანძის სისუსტის სინდრომი - მდგომარეობა, როდესაც სინუსის კვანძში (ნორმალურ რიტმის წამყვანში) იმპულსები იშვიათად წარმოიქმნება ან ეს იმპულსები სინუსის კვანძიდან გარეთ ვერ აღწევენ, რის გამოც გულისცემა ნელდება.

  • ატრიოვენტრიკულური ბლოკადა - მდგომარეობა, როდესაც ელექტრული იმპულსები წინაგულებიდან პარკუჭებამდე ვერ აღწევს. ბლოკადის ადგილი შეიძლება იყოს ავ-კვანძში ან მის ქვემოთ, ჰის-პურკინიეს სისტემაში.

 

 

რა იწვევს არითმიას?

არითმიას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, მათ შორის გულის კორონარული დაავადება, გულის კუნთის დაავადება (მიოპათია), სარქვლოვანი დაავადება, სისხლში ელექტროლიტების დისბალანსი, ინფარქტის ან გულის ქირურგიის შემდეგ დარჩენილი ნაწიბური და სხვ.

 

რა სიმპტომები აქვს არითმიას?

არითმია შეიძლება ”ჩუმი” იყოს და საერთოდ არანაირ სიმპტომებს არ იწვევდეს. შეიძლება ექიმმა არითმია სრულიად შემთხვევით აღმოაჩინოს გასინჯვის დროს. თუ სიმპტომები გაჩნდა, ისინი შეიძლება შემდეგი სახის იყოს:

  • გულის ფრიალი

  • გულმკერდში სიმძიმის შეგრძნება

  • ძილიანობა ან გაბრუების შეგრძნება

  • ჰაერის უკმარისობა

  • დისკომფორტი გულმკერდში

  • სისუსტე და ადვილად დაღლა

  • გონების უეცარი დაკარგვა

 

როგორ ხდება არითმიის დიაგნოსტიკა?

ინფორმაცია არითმიის დიაგნოსტიკური მეთოდების შესახებ იხილეთ აქ.

 

როგორ მკურნალობენ არითმიას?

ინფორმაცია არითმიის სამკურნალო მეთოდების შესახებ იხილეთ აქ.

როგორ მუშაობს გული: Inner_about
bottom of page