გთავაზობთ საინტერესო შემთხვევას. 8 წლის ბავშვი გულისცემის ხშირი აჩქარებებით.
ქვემოთ მოცემულია ბავშვის ეკგ აჩქარებული გულისცემის დროს.
ერთი შეხედვით ეს ეკგ ძალიან გავს სინუსურ ტაქიკარდიას. ეს არის ვიწროკომპლექსიანი ტაქიკარდია, სადაც ყველა კომპლექსს წინ უძღვის კარგად გამოხატული P კბილი, რომლის მორფოლოგიაც სინუსური P კბილის მორფოლოგიას ძალიან გავს. თუ კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, რომ V1-ში და V2-შიც P კბილი უარყოფითია, ხოლო სინუსური რიტმის დროს V1-ში P კბილი როგორც წესი ორფაზიანი, +/- მორფოლოგიისაა, V2-ში კი პრაქტიკულად ყოველთვის დადებითი.
პაციენტთან ჩატარდა ელექტროფიზიოლოგიური კვლევა აბლაციით. აღსანიშნავია, რომ პროცედურა ჩატარდა სრულიად რენტგენო-დასხივების გარეშე, არაფლუროსკოპიული სამგანზომილებიანი კარტირებისა და ნავიგაციის სისტემის Ensite Precision-ის საშუალებით. აიგო მარჯვენა წინაგულის ელექტროანატომიური რუკა და ნანახი იქნა ექტოპიური წინაგულოვანი ტაქიკარდია, რომლის კერაც მდებარეობდა მარჯვენა წინაგულის ყურის სიღრმეში, პრაქტიკულად ყურის მწვერვალში.
ამ სურათზე ხედავთ მარჯვენა წინაგულის ელექტროანატომიურ რუკას. კარგად ჩანს მარჯვენა წინაგულის ყური და მის სიღრმეში სააბლაციო კათეტერი. მოცემულია სწორედ აბლაციის მომენტში ტაქიკარდიის შეწყვეტის მომენტი.
ამ სურათზეც ჩანს აბლაციის მომენტში წინაგულოვანი ტაქიკარდიის შეწყვეტა და სინუსური რიტმის აღდგენა.
შემდეგ სურათზე გვერდიგვერდ არის მოცემული ორი ეკგ. მარცხნივ წინაგულოვანი ტაქიკარდიაა, ხოლო მარჯვნივ სინუსური რიტმი. თუ დააკვირდებით, დაინახავთ, რომ ფრონტალურ (კიდურების) განხრებში P კბილებს შორის დიდი განსხვავება არაა და სადიფერენციაციოდ არ გამოდგება. მთავარი განმასხვავებელი V1 და V2 განხრებია., სადაც ტაქიკარდიის დროს P კბილი უარყოფითია, ხოლო სინუსური რიტმის დროს V1-ში P კბილის მორფოლოგია კლასიკური ორფაზიანი +/- ხდება, ხოლო V2-ში დადებითი.
მარჯვენა წინაგულის ყური ექტოპიური წინაგულოვანი ტაქიკარდიების ძალიან იშვიათი ლოკალიზაციაა, თუმცა P კბილის მორფოლოგია შეიძლება ძალიან დამაბნეველი იყოს. არაერთი შემთხვევაა აღწერილი, როდესაც ამ ლოკალიზაციის წინაგულოვანი ტაქიკარდია დიდხანს შეუსაბამო სინუსურ ტაქიკარდიად იყო მიჩნეული. ამის გამო ძალიან მნიშვნელოვანია P კბილის დეტალური ანალიზი ტაქიკარდიის დროს.
Comments