არითმოლოგიური სამსახური
ჯო ენის სახელობის სამედიცინო ცენტრი
არითმიების დიაგნოსტიკა
არითმიების მკურნალობა
ელექტრო-ფიზიოლოგიური კვლევა
აბლაცია
პეისმეკერი
კარდიოვერტერ-დეფიბრილატორი
გულის რესინქრონიზაცია
აბლაცია
აბლაცია

კათეტერული აბლაცია

(პროფესიული ინფორმაცია კათეტერული აბლაციის შესახებ იხილეთ აქ.)

კათეტერული აბლაცია სამკურნალო პროცედურაა და გამოიყენება ზოგიერთი ტაქიარითმიის სამკურნალოდ. პროცედურა გულისხმობს გულში სპეციალური კათეტერების შეყვანას (იხ. ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევა) და ტაქიარითმიის გამომწვევი უბნის დაზიანებას რადიოსიხშირით (დაბალი ძაბვის მაღალსიხშირული ელექტრული დენით) ანუ “მოწვით” ან კრიოთერაპიით ანუ “მოყინვით”.

რომელი არითმიების სამკურნალოდ გამოიყენება კათეტერული აბლაცია?

კათეტერული აბლაციით მრავალი სხვადასხვა სახის ტაქიარითმიის განკურნებაა შესაძლებელი. ყველაზე ხშირად იგი გამოიყენება შემდეგი არითმიების სამკურნალოდ:
· პაროქსიზმული სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, რაც მოიცავს:
    · დამატებითი გზით გამოწვეული არითმიები (WPW-სინდრომი, ფარული დამატებითი გზები)
    · ავ-კვანძოვანი რიენტრი ტაქიკარდია
    · წინაგულოვანი ტაქიკარდია
· წინაგულთა თრთოლვა
· ზოგიერთი ფორმის პარკუჭოვანი ტაქიკარდია ან პარკუჭოვანი ექსტრასისტოლია
· წინაგულთა ფიბრილაცია (“მოციმციმე არითმია”) 

პროცედურის წინ

ექიმმა შეიძლება გთხოვოთ, პროცედურამდე რამდენიმე დღით ადრე ანტიარითმული წამლის მიღების შეწყვეტა. პროცედურის წინა დღის საღამოს შემდეგ საკვები აღარ უნდა მიიღოთ. 

პროცედურა

კათეტერული აბლაციების უმეტესობა ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება (თუმცა ზოგ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნას ზოგადი ანესთეზია). ექიმი ვენის ჩხვლეტის ადგილს ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებით გააყუჩებს (ყველაზე ხშირად გამოიყენება ბარძაყის ვენა, თუმცა შეიძლება კისრის ვენებიც - საუღლე, ლავიწქვეშა - იქნას გამოყენებული), რის შემდეგაც ვენის პუნქცია (ჩხვლეტა) განხორციელდება და მისი გავლით სპეციალური დიაგნოსტიკური კათეტერები შეყვანილ იქნება გულში. კათეტერების პოზიცია რენტგენის საშუალებით მოწმდება.
ამის შემდეგ პროგრამული სტიმულაციით და გულის შიდა ელექტრული აქტივობის ანალიზით (იხ. ელექტროფიზიოლოგიური გამოკვლევა), ხდება ტაქიარითმიის გამოწვევა და მისი სახის, მექანიზმის და წარმოშობის ადგილის ზუსტი განსაზღვრა. არითმიის წარმოშობის ადგილის და კრიტიკული უბნების ზუსტი ლოკალიზაციისთვის (“კარტირებისთვის”) სხვადსხვა მეთოდი გამოიყენება. შესაძლებელია გამოყენებულ იქნას რთული სამგანზომილებიანი კარტირებისა და ნავიგაციის სისტემებიც. მას შემდეგ, რაც ზუსტად დადგინდება, თუ საიდან მოდის არითმია, სპეციალური სააბლაციო კათეტერის საშუალებით ხდება მიდგომა ამ უბანთან და რადიოსიხშირის (უხშირესად) მიწოდება, რაც ქსოვილის გახურებას იწვევს. ქსოვილის ტემპერატურა და სხვა პარამეტრები უწყვეტად კონტროლდება ამ დროს. მას შემდეგ, რაც ქსოვილი საკმარისად გახურდება, ეს უბანი კარგავს არითმიის გამოწვევის უნარს. ამის შემდეგ ექიმი კვლავ შეეცდება, გამოიწვიოს თქვენი არითმია, რათა დარწმუნდეს, საკმარისად წარმატებით იქნა თუ არა “დამნაშავე” უბანი დაზიანებული. თუ ტაქიკარდიის გამოწვევა აღარ მოხერხდა და დასტურდება წარმატებული დაზიანება, კათეტერებს გამოიღებენ და პუნქციის (“ჩხვლეტის”) ადგილებში დამწოლ ნახვევს დაადებენ, რათა ნაჩხვლეტები დაიხუროს. აბლაციის შემდეგ როგორც წესი, ერთი დღე საავადმყოფოში რჩებით და თუ ყველაფერი წესრიგში იქნა, მეორე დღეს შეძლებთ სახლში წასვლას. 

გართულებები

კათეტერული აბლაცია ჩვეულებრივ, საკმაოდ უსაფრთხო პროცედურად ითვლება, თუმცა როგორც ყველა სამედიცინო ჩარევას, მასაც შეიძლება მოჰყვეს გართულებები. საბედნიეროდ გართულებების ალბათობა საკმაოდ მცირეა:
· ავ-ბლოკადა, რომელიც მოითხოვს მუდმივი პეისმეკერის იმპლანტაციას (1-2 %)
· თრომბოემბოლია (მათ შორის ინსულტი, სისტემური ემბოლია, პულმონური ემბოლია) < 1 %
· სისხლძარღვოვანი გართულებები (სისხლდენა, ინფექცია, ჰემატომა, არტერიულ-ვენური ფისტულა) (2-4 %)
· გულის პერფორაცია, ტამპონადა, ინფარქტი, სარქვლის დაზიანება (1-2 %)
· რადიაციული დასხივება
· პულმონური ჰიპერტენზია (ფილტვის ვენებზე ჩატარებული აბლაციის შემდეგ)
· კორონარული არტერიის დაზიანება
· დიაფრაგმის ნერვის დაზიანება
· ატრიო-ეზოფაგური ფისტულა მარცხენა წინაგულის უკანა კედელზე ჩატარებული აბლაციის შემდეგ. საბედნიეროდ, ეს გართულება ძალიან იშვიათია, თუმცა ხშირად ლეტალური.

სიკვდილის რისკი 0.1-0,3%-ს არ აღემატება.
 

მთლიანობაში, კათეტერული აბლაცია მკურნალობის უსაფრთხო და ეფექტური მეთოდია, რომელიც მრავალ პაციენტს საშუალებას აძლევს, სამუდამოდ განიკურნოს ამა თუ იმ არითმიისგან.